ჯონი გოგაბერიშვილი 70-იანელთა თაობის ქართველ მოქანდაკეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სკულპტორია, რომლის მონუმენტური, ქვაში შესრულებული ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დგას. განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი შემოქმედება ახალ მილენიუმში.
ჯონი გოგაბერიშვილმა 1976 წელს დაამთავრა სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე; ასპირანტურა კი 1983 წელს ვალენტინ თოფურიძისა და კონსტანტინე მერაბიშვილის სახელოსნოში დაასრულა. 1976 წლიდან გოგაბერიშვილი რეგულარულად მონაწილეობდა გამოფენებში. 1981 წლიდან მხატვართა კავშირის წევრი გახდა.1986 წელს მისი ნამუშევარი წლის საუკეთესო ქანდაკების პრემიით დაჯილდოვდა. მოქანდაკე რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა ვარშავაში (თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, 1989), ჰელსინკიში (გალერეა „რუს“, 1990), გერმანიაში (ჰაინსბეკის ეროვნული გალერეა, 1993), საფრანგეთში (საქართველოს კულტურის დღეები, ეროვნული გალერეა, 1999).
ჯონი გოგაბერიშვილის ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციაში.