გიორგი – გიგო გაბაშვილი დაიბადა სოფელ ციხისძირში, ქობულეთის რაიონი. 1882–1883წწ. სწავლობდა თბილისში, კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა რუმბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო–ისტორიული მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს; 1886–1888წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; 1894–1807წწ. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1898 წელს იყო იტალიასა და საბერძნეთში; სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან; 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა; 1897 წელს დააარსა სამხატვრო სტუდია; 1900 წლიდან ასწავლიდა “ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების” ხატვის სკოლაში, 1901 წლიდან იყო ამ სკოლის დირექტორი. ფერმწერი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი დამმარსებელი და პირველი პროფესორი (1922). ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ–ერთი ფუძემდებელი; მან შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა ილია ჭავჭავაძე (1907-1908), აკაკი წერეთელი (1913), გრიგოლ ორბელიანი (1913). გ. გაბაშვილის ცნობილი ნამუშევრებია: “უცნობი ქართველი თავადი”, “გრძელულვაშებიანი თავადი”(საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), “სამი გენერალი” (1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), “მძინარე ხევსური” (1898), “მთვრალი ხევსური” (1899), “მთვრალი ხევსურები” (1899), “სამი მოქალაქე” (1893), “ალავერდობა” (1899), “განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან” (1904), “ბოსტანში” (1891), “არხოტის დაცვა” (1898-1901), “წვიმის შემდეგ” (1891), “ბაზარი სამარყანდში” (1894), “დივანბეგის აუზი ბუხარაში”, (1895, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი).
1894 წლის ნახატი “ბაზარი სამარკანდში” 2006 წლის აპრილში კრისტის აუქციონზე ნიუ-იორკში 1 136 000 დოლარად გაიყიდა, არც მყიდველი და არც გამყიდველი არ არის ცნობილი.
ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებლის – გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში არის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები და ფოტოები, რომლებიც ხელოვანის თანამედროვე ევროპული მხატვრობით, კერძოდ, სიმბოლიზმით, გატაცებას ადასტურებს.