იური ბერიშვილი 80-იანელთა თაობის მხატვარია. მისი ნაირფერი აბსტრაქციები ყოველთვის საცნობია, საცნობია თავისი ემოციური გამომსახველობით, მეტაფიზიკურად შეგრძნობილი სამყაროს სურათით. მხატვარი ხატავს ჟღერადი „სუფთა“ ფერებით. კომპოზიციები ლოკალური სიბრტყეებისა და თითქოს სპონტანურად მიმოფანტული წერტილ-ლაქების ათასგვარი კომბინაციით იქმნება. სპონტანურობა, ამავდროულად, გაწონასწორებულ, ჰარმონიულ მთლიანობაში ეწერება. ფორმატი განსხვავებულია… ყველაზე მცირე ზომის ნამუშევრებშიც პანორამულობის შეგრძნებაა. იური ბერიშვილის მხატვრობა ხელოვანის ემოციურ პრიზმაში გატარებული სამყაროს ასახვაა, რეფლექსიაა გარე სამყაროზე, აწმყოზე… ოღონდ სამყაროცა და აწმყოც თითქოს ლანდშაფტზე დაიყვანება. „მხატვრული ფორმის შემოქმედებითი განვითარების პროცესს სული აძლიერებს“, – ამბობს მხატვარი და სულიერებას პროფესიულ კეთილსინდისიერებასთან აიგივებს. პროფესიონალიზმი კი მუდმივ წვრთნას, მცდელობას ან, როგორც თვითონ მხატვარი ამბობს, „ზემცდელობას“ მოითხოვს.
იური ბერიშვილის ფერწერული ტილოები დაცულია ნორტონ და ნენსი დოჯების ფონდში ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში ნიე ჯერსიში (აშშ), კოლოძეის არტ ფონდში (ახალი არტის კოლექცია) ნიუ ჯერსიში (აშშ), გალერეაში „მონა ლიზა“ პარიზში, მსოფლიო ბანკის არტ კოლექციაში ვაშინგტონში (აშშ). მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს, ევროპის, აშშ – ს კერძო კოლექციებში.