Skip to content Skip to footer

ბაჟბეუქ-მელიქიანი ალექსანდრე

თბილისის 1910-1920-იანი წლების ავანგარდული ცხოვრების მონაწილე, ფერმწერი და გრაფიკოსი, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანი დაიბადა თბილისში  სომეხი ეროვნების  ოჯახში და მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა.

1910 წელს დაამთავრა  თბილისის ნიკოლაი სკლიფოსოვსკის ფერწერისა და ხატვის სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვში ვ. მეშკოვის სტუდიასა და პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.

1917 წელს დაბრუნდა თბილისში. ასწავლიდა მოსე  თოიძის სტუდიაში (1922 წლდან),  შემდგომ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

მისი შემოქმედების ძირითადი სფერო იმპულსური, დინამიური მონასმებით შექმნილი ფერწერაა,  რომელშიც რაფინირებული კოლორისტის აზროვნება გამოსჭვივის.  მისი მოტივები და პერსონაჟები – აკრობატები, ცირკის მსახიობები და შიშველი ქალები – მიწიერი სილამაზის ხორციელ მომხიბვლელობას ასხივებენ.  მხატვარი XVIII_XIX საუკუნეების გამოჩენილი კოლორისტების, ფრანგი რომანტიკოსებისა და იმპრესიონისტების მიმდევარი და მემკვიდრეა.

ბაჟბეუქ-მელიქიანი იყო უაღრესად მოკრძალებული ადამიანი; იშვიათად იღებდა მონაწილეობას გამოფენებში; 1936 წელს,  ფორმალიზმსა და სტალინის პორტრეტის დახატვაზე უარის თქმაში დასდეს ბრალი და მხატვართა კავშირიდან გარიცხეს.  მართალია,  1938 წელს ის  აღადგინეს წევრად, მაგრამ  მხატვარი უკვე ცდილობდა თავი აერიდებინა  აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. ის იყო პრინციპული პიროვნება: ერთხელ თავისი ნამუშევრები გაანადგურა  იმის გამო, რომ  იგი მისთვის მიუღებელმა პიროვნებამ შეაქო. ის ხშირად წვავდა საკუთარ სურათებს, როცა მათთვის შესანახ ადგილს ვეღარ პოულობდა.  მუდმივად ჰქონდა მხოლოდ 111 სურათი.

გარდაიცვალა 1966  წელს თბილისში.

წყარო:

www.modernism.ge

www.wikiart.org

ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანი
დაბადების წელი1891გარდაცვალების წელი1966Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.