მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის მხატვარი ელგუჯა ამაშუკელი, მისი პლეადის მოქანდაკეთა მსგავსად, მონუმენტურ სკულპტურაში ეროვნული იდენტობის მქონე ხატების ავტორია. მეფეთა გამოსახულებები და სიმბოლური და ალეგორიული შინაარსის ურბანული ქანდაკებები: ვახტანგ გორგასალი, ქართლის დედა, ვეფხი და მოყმე, „ცოდნის ზარი“ (დედა-ენა), დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი, დიდების მონუმენტი („კოლხი დედა“) და გამარჯვების მემორიალი „ლომკაცა“ დღეს თბილისის, გორისა და ფოთის ღირსშესანიშნაობებად არის ქცეული.
ამაშუკელი, ისევე, როგორც მისი კოლეგა მერაბ ბერძენიშვილი, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ნიკოლოზ კანდელაკის სტუდენტი იყო. ასპირანტურაში სწავლისას სამუშაო თემად თბილისის დამაარსებელი მეფის, ლეგენდარული ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ქანდაკება ჰქონდა. იმ პერიოდში, ქართველ მეფეთა და ცნობილ მხედართმთავართა ძეგლების დადგმა ჯერ კიდევ აკრძალული იყო, თუმცა, ოტტეპელს დაწყებისთანავე, 1958 წელს, გამოცხადდა ეროვნული შესარჩევი კონკურსი ვახტანგ გორგასლის ქანდაკების პროექტისთვის, რომელიც მოქალაქეებისთვის ღია იყო და უამრავ დამთვალიერებელს იზიდავდა. ელგუჯა ამაშუკელის პროექტმა პირველი პრიზი დაიმსახურა: ბრინჯაოში ჩამოსხმული ქანდაკება 1967 წელს მეტეხის პლატოზე, ეკლესიის წინ დაიდგა.
1958 წელს, თბილისის დაარსების 1500 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ქართველმა მხატვრებმა და არქიტექტორებმა უამრავი საინტერესო პროექტი შექმნეს, ელგუჯა ამაშუკელმა ქვეყნის სიმბოლოს – ქართლის დედის ქანდაკების მოდელი გააკეთა, რომელიც დედაქალაქში დროებით უნდა აღმართულიყო, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და ქანდაკება იმდროინდელ „კომკავშირის ხეივანში“ მუდმივად დატოვეს. მოქანდაკემ თავდაპირველად ხის 20 მეტრიანი ქანდაკება შექმნა ერთ ხელში ხმლით და მეორეში – ღვინის თასით.60-იან წლებში მან სკულპტურა ალუმინის ფურცლებით დაფარა, 1997 წელს კი ახლით შეცვალა.
ელგუჯა ამაშუკელის გაკეთებულია დიდების მონუმენტი ფოთში („კოლხი დედა“, 1967, ბრინჯაო), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ “რუსთაველის” პორტალის რელიეფი (1965), ფარნავაზ მეფის, რაფიელ ერისთავისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ძეგლები თბილისში (ბრინჯაო, 1974-1975), გამარჯვების მემორიალი გორში (ბრინჯაო, 1979).
აღსანიშნავია მისი ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკის და წიგნის მხატვრობის დარგში. ის ავტორია წიგნებისა: „წერილები ხელოვნებაზე“ (1984), „მეექვსე გრძნობა“ (1987), „დრო შემოქმედი“ (2000).
ელგუჯა ამაშუკელი იყო სსრკ მხატვართა კავშირის მდივანი (1984-89) და რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988); მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვრის (1965), საქართველოს სახალხო მხატვრის (1984-89) წოდებები; იყო საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის ორდენების კავალერი, საბჭოთა კავშირისა და ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.