Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა

19 მარტი 18:00 - 26 აპრილი 18:00

ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა

2026 წლის 19 მარტს, 18:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიცია აერთიანებს მხატვრის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებს  და  წარმოაჩენს მისი მხატვრული ენის განვითარებას ტრადიციული მედიუმებიდან ციფრულ ფერწერასა და გრაფიკამდე.

ექსპოზიციის ერთ-ერთი მთავარი თემაა თბილისი. ასევე წარმოდგენილია აბსტრაქტული კომპოზიციები, პორტრეტები და ნატურმორტები. სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს ფორმისა და სივრცის მკაფიო ორგანიზება, ფერის, ფაქტურისა და სინათლისადმი განსაკუთრებული ყურადღება.

ნუგზარ მეძმარიაშვილი იმ ქართველ ხელოვანთა შორისაა, რომელთა შემოქმედებითი გზა ეპოქათა ცვლილებას ასახავს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა 1970 წელს შესრულებული სადიპლომო ნამუშევრით ქართული მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების მნიშვნელოვან წარმომადგენლად დაიმკვიდრა თავი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზისთვის შექმნილი მოზაიკური პანო „პრომეთე“ იმ პერიოდის ერთ-ერთ მასშტაბურ საჯარო ხელოვნების ნამუშევრად იქცა.

1970–1980-იან წლებში მხატვარი მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში ბუდაპეშტში, მოსკოვში, პარიზსა და მიუნხენში;  პარალელურად  ასრულებდა სახელმწიფო შეკვეთებს. მის მიერ შექმნილ ნამუშევრებს შორისაა სპორტკომპლექს „ქარიშხალასთვის“ მშრალი ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებული მონუმენტური პანო „გამარჯვება“, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსისთვის განკუთვნილი გობელენი „ღამე“ და ღვთისმშობლის მოზაიკური ხატი ბოდბის მონასტრის წმინდა ნინოს წყაროსთვის.

ნუგზარ მეძმარიაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1987–1989 წლებში ამავე აკადემიის პრორექტორი იყო. 1982 წელს მას საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა.

1990-იან წლებში ნუგზარ მეძმარიაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ქართველ მხატვართა შორის  ციფრულ მედიუმს მიმართა.  კომპიუტერულმა გრაფიკამ და ფერწერამ მას საშუალება მისცა, მონუმენტურ ხელოვნებაში მიღებული გამოცდილება ახალ ვიზუალურ ფორმატში განევითარებინა.

გამოფენა დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ნუგზარ მეძმარიაშვილის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდსა და მიმართულებას და თვალი მიადევნოს მის შემოქმედებით გზას ტრადიციული მედიუმებიდან პიქსელებამდე.

ორგანიზატორი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა
მხარდამჭერი: თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
კურატორი: მაია ჩიკვაიძე
სამუშაო საათები: 10:00–17:30

Details

Start:
19 მარტი 18:00
End:
26 აპრილი 18:00

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.