Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

თემო გოცაძე 85

25 მარტი 18:00 - 26 აპრილი 18:00

 

2026 წლის 25 მარტს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატ  თემურ (თემო) გოცაძის დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღისადმი  მიძღვნილი გამოფენა, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

ცნობილი მონუმენტალისტისთვის დამახასიათებელი მასშტაბური კომპოზიციების ნაცვლად, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ცხოვრების ბოლო წლებში შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები საოჯახო  კოლექციიდან. ისინი  წარმოაჩენს  გოცაძის   შემოქმედებითი ხედვის კამერულ  მხარეს, რომელიც  იდეის ფორმირების, პლასტიკური აზროვნებისა და კომპოზიციური ძიებების პროცესს  მხატვრისეული ორიგინალური ხელწერით გადმოსცემს.

ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად თემო გოცაძე ათწლეულების განმავლობაში აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ხელმძღვანელობდა კულტურის მთავარ ინსტიტუციებს საქართველოში: 1983-1995 წლებში იყო მხატვრის სახლის დირექტორი;   1988-2005 წლებში კი გახლდათ საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება  “ სურათების ეროვნული გალერეის” გენერალური დირექტორი.

1980-იან წლებში თემო გოცაძის უშუალო ინიცირებითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების შემოქმედებითი სახელოსნოები, სადაც   უკვე აღიარებული ხელოვანი დიდხანს მუშაობდა. მისივე  თაოსნობით შეგროვდა თანამედროვე ქართველ მხატვართა 25 000-ზე მეტი ნამუშევრის  უდიდესი კოლექცია,  რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს. თუმცა, ამ იდეის განხორციელებას 90-იანი წლების რთულმა პოლიტიკურ-სოციალურმა პროცესებმა შეუშალა ხელი.

თემო გოცაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების;   ქართული სახვითი ხელოვნებისა და  საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმებში; ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში ( რუსეთი); დუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების,   ზიმერლის ხელოვნების,   კანადის თანამედროვე სახვითი ხელოვნების,  მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნებისა და კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმებში, ასევე  უცხოეთის  (საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის,  აშშ-ის, მექსიკის,  ირანის, თურქეთის, კანადის,  რუსეთის,  საქართველოსა და სხვა ქვეყნების)  კერძო კოლექციებში.

გამოფენის ნახვა შესაძლებელია  2026 წლის 26 აპრილამდე.

 

Details

Start:
25 მარტი 18:00
End:
26 აპრილი 18:00

Organizer

Georgian National Museum

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.