2026 წლის 30 აპრილს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ბუბა არაბულის პერსონალური გამოფენა „დროისა და სივრცის მიჯნაზე“.
ექსპოზიცია აერთიანებს მხატვრის ფერწერულ ნამუშევრებს (ფიგურები, ობიექტები და პეიზაჟები). გამოფენის მთავარი თემები ეფუძნება იმ შუალედურ მდგომარეობას, როდესაც ყოველდღიურობა შინაგან გამოცდილებად გარდაიქმნება. მხატვარი მაყურებელს დროსა და სივრცეს შორის გამავალ, წარმოსახვით საზღვარზე ეპატიჟება, სადაც ემოცია ახალ სიხშირეს, ხოლო სიმბოლო განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. ნამუშევრები არ გვთავაზობს სწორხაზოვან ნარატივს; ისინი სემიოტიკური ნიშნებია, რომლებიც მეხსიერებას, გაურკვეველ მოლოდინსა და დაუზუსტებელ, თითქმის არაცნობიერ გამოცდილებას უკავშირდება.
ბუბა არაბული მხატვართა იმ თაობას მიეკუთვნება, რომლის შემოქმედებითი აქტივობა XXI საუკუნის დასაწყისს ემთხვევა და თანამედროვე ქართული ფერწერის ახალ ეტაპს იწყებს. ის სრულიად თავისუფალია იდეოლოგიური ჩარჩოებისგან და საკუთარ ხელოვნებას პერსონალურ გამოცდილებაზე, ინდივიდუალურ მსოფლმხედველობასა და შთაგონებაზე აგებს. 1986-1990 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულებით.
მხატვრის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში – საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ლიტვაში, ბელგიაში, რუმინეთში, რუსეთსა და შეერთებულ შტატებში.
ორგანიზატორი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა