1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (პედაგოგები: კ. სანაძე, ა. ქუთათელაძე, ვ. შუხაევი), რის შემდეგაც აკადემიაშივე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ხოლო 1979–2001 წლებში იყო მოსამზადებელ კურსების დირექტორი. 1962 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში, მათ შორის: „კუბა მხატვრის თვალით“ (1968, თბილისი), „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება“ (1987, მოსკოვი) და პერსონალურ გამოფენებში თბილისში (1977, 1996). მისი ცნობილი პორტრეტებია: „ნიკოლოზ კანდელაკი“, „ირაკლი აბაშიძე“, „გიორგი ლეონიძე“, „იოსებ გრიშაშვილი“, „ლეო ქიაჩელი“, „ფრიდონ ხალვაში“, „პარმენ ლორია“, „გენერალი აბრამიძე“, „ერნესტ ჰემინგუეის სახლი კუბაზე“, „გალაკტიონ ტაბიძე“, „თამარ თეთრაძე“, „ყირიმი“ და სხვა.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია ბათუმის მხარეთმცოდნეობის და საქართველოს ლიტერატურის მუზეუმებში, ასევე კუბის, რუსეთის, საფრანგეთის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. ნელი კანდელაკს 1971 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება, ხოლო 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, საგამომცემლო საქმიანობაში, ქართული წიგნის გამოცემაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

