Skip to content Skip to footer

ცუცქირიძე ლევანი

ლევან ცუცქირიძე ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი (1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974). 1946-1957 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1960 წელს დაამთავრა აკადემიის ასპირანტურა პროფესორ სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. 1975- 2005 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1960-იანი წლების შუა ხანებში ცუცქირიძემ შექმნა ილუსტრაციები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისთვის“. მას ეკუთვნის ილუსტრაციები იაკობ ცურტაველის, ვაჟა-ფშაველას, გ.ტაბიძის, ა.ყაზბეგის, გ.ორბელიანის თხზულებებისათვის. მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას. ცუცქირიძის მიერ შესრულებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფრესკების საავტორო პირები, რასაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ ფრესკების ნაწილი განადგურებულია. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს  4 წიგნად გამოიცა მის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი“. აღსანიშნავია, რომ ცუცქირიძე არის შესანიშნავი პორტრეტისტი, ამ ჟანრში შესრულებული რამდენიმე ათეული საყურადღებო ნამუშევრის ავტორი. ლევან ცუცქირიძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, 1959 წელს. ამის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები სხვა და სხვა დროს მოეწყო თბილისში, მოსკოვში, აგრეთვე, გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, იუგოსლავიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით შექმნილი მისი ნამუშევრები გამოფენილია ვაიმარში (გერმანია), გოეთეს სახლ-მუზეუმში. მისი ტილოები გამოფენილია, აგრეთვე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არაერთ კერძო კოლექციაში.

ლევან ცუცქირიძე
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1926-2021Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.