Skip to content Skip to footer

ჭოღოშვილი ლევან

ლევან ჭოღოშვილი დაიბადა 1953 წელს, თბილისში. 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და 1973 წლიდან, ფაქტობრივად, არაოფიციალური მხატვარი ხდება, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტები ქმნიან საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ჯგუფებს ხელოვნების ისტორიკოსებთან ერთად, როგორიცაა ლევან ჭოღოშვილის, დიმიტრი თუმანიშვილისა და გიორგი მარჯანიშვილის ჯგუფი. სხვა არაოფიციალურ მხატვრებთან ერთად ის 1976 წლიდან მონაწილეობს არაოფიციალურ გამოფენებში: ვალერიან სიდამონ-ერისთავის დის ბინაში (1976), თეატრალური საზოგადოების (ე. წ. სტელას) დარბაზში (1977-1978), საბურთალოს სამედიცინო კლინიკის საგამოფენო სივრცეში (1979) და ა. შ., ხოლო მანამდე ყალიბდება მისი კონტრპოზიცია – მხატვრულ-ინტელექტუალური, ისტორიულ-პოლიტიკური კონცეპტუალური დაპირისპირება საბჭოთა იდეოლოგიზირებულ გარემოსა და სახელოვნებო რეალობასთან. მხატვრის შემოქმედებას მიეკუთვნება ძალაუფლებისა და ეროტიზმის თემაზე შექმნილი სურათების პირველი სერია „ვენერა და მარ(ქ)სი“ (1972-1993), 1978 წლის ე. წ. ბინის ნამუშევარი ეფემერულობის კონცეფციით, 1973 წლიდან დაწყებული ყველაზე ცნობილი სერია ფერწერა-ფოტოებიდან/სურათები-ფოტოებიდან ანექსია-გასაბჭოებამდელი საოჯახო ფოტოსურათების გამოყენებით, ისტორიული თემატიკის „ზურაბ არაგვის ერისთავის მკვლელობა“ (პირველი ვერსია – 1975, ახალი ვერსია – 1983) და პოლისტილური სერია „განადგურებული არისტოკრატია“ (1973-1989), რომელიც აერთიანებს თბილისურს, ყაჯარული პორტრეტის, არაბულს, სპარსულს, სომხური მინიატიურის, პოლონურ-სარმატულის, ადრეშოტლანდიური პორტრეტისა და მოდერნიზმის ენებს, სადაც ადამიანები „არადროითობაში“ არსებობენ და მხატვარი თითქოს „დროს აუქმებს“, თავად კი ობიექტურის სუბიექტურად განცდის მიმდევარია.

მისი ნამუშევრებია:
ანდრონიკაშვილების ოჯახი. სერიიდან „განადგურებული არისტოკრატია“ (1987, გუაში, ქაღალდი, 50×54)
სერიიდან „განადგურებული არისტოკრატია“ (1991, გუაში, ქაღალდი, 50×70)
სერიიდან „განადგურებული არისტოკრატია“ (1991, შერეული ტექნიკა)
სერიიდან „განადგურებული არისტოკრატია“ (1991, შერეული ტექნიკა)

ლევან ჭოღოშვილი
დაბადების თარიღია22 მაისი, 1953Share

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.