
მირიან შველიძე (1947–2022) – სცენოგრაფი, ფერმწერი და ინტერიერის მხატვარი, XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. რობერტ სტურუასთან მრავალწლიანი თანამშრომლობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის მხატვრული ენის განახლებაში. მის სცენოგრაფიაში სახვითი მხარე დრამატული მოქმედების თანაბარმნიშვნელოვანი კომპონენტია: სასცენო სივრცე, საგნები, კოსტიუმები და მათი ფაქტურები სპექტაკლის აზრობრივ და ემოციურ შინაარსს ქმნის. მის ნამუშევრებს გამოარჩევს თეატრალური პირობითობა, მასალებისა და ფაქტურების მრავალფეროვნება, სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის მხატვრული ციტატების გამოყენება.
დაიბადა თბილისში, 1947 წლის 1 იანვარს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, თეატრის მხატვრის სპეციალობით. 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი იყო. მისი ძირითადი სცენოგრაფიული ნამუშევრები ამ თეატრსა და რობერტ სტურუას დადგმებს უკავშირდება. რეჟისორისა და მხატვრის შემოქმედებითი თანამშრომლობა შველიძის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.
მირიან შველიძემ შექმნა სცენოგრაფია რობერტ სტურუას საეტაპო სპექტაკლებისთვის: პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“ და უილიამ შექსპირის „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“, „იულიუს კეისარი“ და „მაკბეტი“. მის მიერ გაფორმებულ დადგმებს შორისაა აგრეთვე დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“, სამუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ და ირაკლი სამსონაძის „ვანილის მოტკბო, სევდიანი სუნი“.
შველიძე თანამშრომლობდა თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრთან, თავისუფალ თეატრთან, ასევე თურქეთის, საბერძნეთისა და ისრაელის თეატრებთან. მან გააფორმა თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლი „ჯაყოს ხიზნები“, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მიხედვით.
მხატვრის ფერწერაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თბილისის თემას. ძველი ქალაქი მის ნამუშევრებში სასცენო მაკეტის მსგავს, ილუზორულ სამყაროდ წარმოჩნდება. ისტორიული გამოსახულებები, ძველი ფოტოები, ოჯახური ალბომების ფრაგმენტები და ხელოვნებიდან აღებული ციტატები ქალაქის მრავალშრიან სახეს ქმნის. ზეთის ფერწერასთან ერთად, მისთვის მნიშვნელოვანი მხატვრული საშუალება კოლაჟია. მისი შემოქმედება მოიცავს აბსტრაქტულ კომპოზიციებსაც.
მირიან შველიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის საზოგადოებრივი დანიშნულების ინტერიერების მხატვრულ გაფორმებაში. მან შექმნა კედლის კოლაჟები რიტუალების სასახლის ვიპბარისა და რესტორნებისთვის – „მარკო პოლო“, „ფაეტონი“ და „ოქროს კათხა“. სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის გამოსახულებების შეხამებით მხატვარმა ამ სივრცეებს თეატრალური გარემოს ხასიათი შესძინა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 1990-იანი წლების თბილისის ცნობილი რესტორნის, „მარკო პოლოს“ გაფორმება, რომელზეც შველიძე უშანგი იმერლიშვილსა და გოგი ქვრივიშვილთან ერთად მუშაობდა. მან შექმნა პლაფონი და კედლის ჩანართები, რომლებიც აბრეშუმის გზაზე მარკო პოლოს მოგზაურობის მთავარ პუნქტებს ასახავდა. ნარმის ქსოვილზე კოლაჟის ტექნიკის გამოყენებით შესრულებულ პლაფონში დასავლური და აღმოსავლური ხელოვნებიდან აღებული გამოსახულებები ერთიან კომპოზიციად იყო გაერთიანებული.
1980 წელს მირიან შველიძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება, 1981 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ხოლო 1996 წელს – საქართველოს სახელმწიფო პრემია.
გარდაიცვალა 2022 წლის 9 თებერვალს.













