გიგა დათუაშვილი ქართველი მხატვარი, დაიბადა თბილისში 1976 წელს. 1993–1998 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე. 1995–1998 წლებში მონაწილეობდა შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოებში. 1997–1998 წლებში ძეგვის ბავშთა სახლში ასწავლიდა ხატვას.
დათუაშვილის შემოქმედება მოიცავს ფერწერულ ნამუშევრებს, ჩანახატებსა და ჩანაწერებს. მისი მხატვრული აზროვნება ეფუძნება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, სულიერებას, ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი განსაკუთრებულ ინტერესს. ნამუშევრებში აისახება 1990-იანი წლების საქართველოს რთული და წინააღმდეგობრივი რეალობა. მხატვრის ყურადღების ცენტრშია ადამიანის სახე, წარმოსახვითი და ლიტერატურული პერსონაჟები. ფრაგმენტული და ხშირად დაუსრულებელი კომპოზიციები მის შემოქმედებით ძიებებსა და ფიქრის პროცესს წარმოაჩენს. მის ნამუშევრებსა და ტექსტებს გულწრფელობა და უშუალობა ახასიათებს.
გიგა დათუაშვილის პერსონალური გამოფენები მისი გარდაცვალების შემდეგ გაიმართა გალერეა „შარდენში“ (2000), ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში (2001), საქართველოს ეროვნულ გალერეაში (2001), „ახალი მოძრაობის“ საგამოფენო სივრცეში (2002), რუსთაველის საზოგადოების საგამოფენო დარბაზში (2006), დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (2016), „ბაია გალერეაში“ (2024) და წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში (2026).
2002 წელს გამოიცა მისი ჩანაწერებისა და ტექსტების კრებული „დაფანტულ აზრებად“. 2024 წელს გამოქვეყნდა ნამუშევრების ალბომი „გიგა დათუაშვილი“ და ტექსტების კრებული „გიგას დღიური“. მისი ნამუშევრები და ხელნაწერები ინახება ოჯახისა და კერძო კოლექციებში.
გიგა დათუაშვილი 2000 წლის 19 ოქტომბერს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

