ჰენრიკ ჰრინევსკი დაიბადა ქალაქ ქუთაისში. იგი საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. 1877-1898 წწ. მან საზღვარგარეთ – იტალიაში, საფრანგეთში და გერმანიაში გაატარა. საფრანგეთში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია, ფლორენციაში მიიღო უმაღლესი განათლება, ხოლო გერმანიაში დაეუფლა არქიტექტორის სპეციალობას.
1898 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო დეკორატიული ხელოვნების სფეროში. 1904 წელს იგი მიწვეული იქნა კავკასიის კაზმული ხელოვნების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში ხატვის მასწავლებლად. 1910 წელს ჰ. ჰრინევსკი მონაწილეობს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამხატვრო აკადემიაში. მის დიდ დამსახურებას ქართული სახვითი გადმოღება, ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების აზომვა და ნატურიდან ჩანახატების შესრულება წარმოადგენს.
1912 წელს სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი) პროექტის კონკურსზე გაიმარჯვა არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად, ჰ. ჰრინევსკის დეკორის დამუშავება ეკუთვნოდა. ჰენრიკ ჰრინევსკი არჩეული იქნა პროფესორად და 1922 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1937 წ.) მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
ჰრინევსკი საფუძვლიანად იცნობდა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, კერძოდ, ქვაზე ნაკვეთ უმდიდრეს ჩუქურთმებს. მოგზაურობდა საქართველოში, იხატავდა ძეგლებს – ეს ჩახატები მნიშვნელოვანია არა მარტო მაღალი მხატვრული ღირსებით (ჰრინევსკი ბრწყინვალე აკვარელისტი იყო), არამედ დოკუმენტური სიზუსტითაც. ეს თავისი ცოდნა მან პრაქტიკულად გამოიყენა, როდესაც არქიტექტორ ანატოლ კალგინთან ერთად შექმნა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობის პროექტი). ეს შენობა, ერთი ყველაზე მიმზიდველთაგანი თბილისში. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ბანკის – აწინდელი ბიბლიოთეკის – შენობა ეროვნული ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ახლებური ინტერპრეტაციის, ახლანდელი სიტყვით რომ ვთქვათ, “შემოქმედებითი ათვისების” საუკეთესო ნიმუშია … “ქართული ბანკს” საპატიო ადგილი უჭირავს ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში. და აქ ჰრინევსკის ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია.© ვახტანგ ბერიძე.
ჰენრიკ ჰრინევსკი. ილუსტრაცია ილია ჭავჭავაძის მოთხრობისათვის “კაცია–ადამიანი?!”.