დიმიტრი ხახუტაშვილი მიეკუთვნება ორმოცდაათიანი წლების ქართველ მხატვართა თაობას. იგი დაიბადა 1927 წელს, ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იმ პერიოდისათვის ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები: მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი და სხვა. 1960 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1986-2006 წლებში კი იყო ფერწერის კათედრის გამგე. დიმიტრი ხახუტაშვილმა აღზარდა არაერთი წარმატებული და საინტერესო მხატვარი, როგორებიც არიან რადიშ თორდია, ბესო არბოლიშვილი, შალვა მატუაშვილი (რომელიც მისი ასისტენტიც კი იყო) და სხვა მრავალი.
სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული თვითმყოფადობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ემოციური ხელწერა წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული და რომლის ნამუშევრებიც დროის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და მნიშვნელობას იძენს. მისი როგორც მხატვრის, ინტერესის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია. შექმნილი აქვს რეალისტური, იმპრესიონისტული, ექსპრესიონისტული, კუბისტური და სიურეალისტური სტილის ნამუშევრები. მიტო ხახუტაშვილს შექმნილი აქვს 800-ზე მეტი ფერმწერული და გრაფიკული ნამუშევარი სხვადახსხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით.
მხატვარი მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენაში და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 1989 წელს მას მიენიჭა საქართველო სახალხო მხატვრის წოდება, ხოლო 1998 წელს მან მიიღო ღირსების ორდენი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რატვერსის უნივერსიტეტის ზიმერლის მუზეუმში და სხვა.
სხვა ავტორები
მიშა გოგრიჭიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1990-იანი წლების დასაწყისში მისი ნამუშევრები გამოჩნდა ქართულ საგამოფენო დარბაზებში, დამთვალიერებელს ფერწერული მინიმალისტური, ნაივური ხელწერით დაამახსოვრა თავი. 1990-იანი წლების ბოლოს მხატვარი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 90-იანი წლების საქართველო ამერიკულ ყოველდღიურობას „შეაზავა“ და შექმნა ნოსტალგიური ხასიათის სურათების სერიები ყველაფერ…
კაკო თოფურიას პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსის, ცოდნა გამდიდრებულია ტრადიციული ქართული მონუმენტური ფერწერის, ქანდაკების პლასტიკის, ჭედურობის, მინანქრისა და კერამიკის დარგების ცოდნითაც. ქართულ ემოციურ რეალიზმსა და ამ რეალობის სუბიექტურ მიდგომაზე დაფუძნებული მხატვრის ფერწერული კულტურა დამოუკიდებელი, საუცხოო სტილით ვლინდება და ლიტერატურული ქვეტექსტით პრიმიტივიზმს, „ინფანტილიზმსა“ და იუმორსაც შეიცავს. იგი ორგანზომილებიან…
ქეთევან რუხაძე – გრაფიკოსი, კერამიკოსი, წიგნის ილუსტრატორი და დეკორატორი, 1968-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე. იყო სამხატვრო აკადემიის კერამიკა-მინისა (1983-1991) და მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის უფროსი პედაგოგი (1989). მისი ძირითადი ნამუშევრები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის შექმნილი დეკორატიული კომპოზიციებია. ხელოვანის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მესტიის…