ფოტოხელოვანი, რომელიც მუშაობს როგორც ქუჩისა და რეპორტაჟული ასევე, მხატვრული ფოტოს მიმართულებებით. გურამ წიბახაშვილმა 1985 წლიდან თანამოაზრეებთან ერთად, სათავე დაუდო ვიზუალური ბანკის შექმნის პროექტს; მისი ნამუშევრები 1990- იანი წლების საქართველოს ისტორიის გარდამტეხი მომენტებისა და თბილისის სოციალურ-პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველ მოცულობითი ფოტო-დოკუმენტაციას ქმნის. ამ ფოტორეპორტაჟებში ასახულია საქართველოს დედაქალაქი საბჭოთა კავშირის ნგრევისა და მომდევნო სამოქალაქო ომების პერიოდში; თბილისის სახელოვნებო ჯგუფების ცხოვრება – მხატვრების პორტრეტები და მათი ყოველდღიურობა. „ფოტოგრაფია არის ვიზუალური მეხსიერება“ – ამბობს წიბახაშვილი – „წერას თუ შევადარებთ, ის დაახლოებით იგივეა, რაც ჩანაწერი“.
გურაბ წიბახაშვილმა 1982 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეის ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა. 80-იანი წლების ბოლოს თბილისის ქუჩების რეპორტაჟული ფოტოების კეთება დაიწყო, რომლის პარალელურად პოპ-არტის სტილის კოლაჟებს ქმნიდა. 1985 წელს ის უკვე თვითნასწავლი პროფესიონალი იყო.
წიბახაშვილმა მისივე ალმა-მატერში, 1990-94 წლებში შეისწავლა ფოტოგრაფიის თეორია; 1991 წლიდან კი ლექციების კითხვა დაიწყო ფოტოგრაფიის დარგში. თავისუფალი პრესის ჩამოყალიბებისთანავე, ის თანამშრომლობდა ახლადშექმნილ გაზებთან, რომლებისთვისაც რეპორაჟულ ფოტოებს იღებდა.
გურამ წიბახაშვილი – დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირისა და ფოტოხელოვანთა კავშირების წევრი, არის 60-მდე ჯგუფური გამოფენის მონაწილე. ამას გარდა, გამართული აქვს 20 პერსონალური ექსპოზიცია და გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიასა და თანამედროვე ხელოვნებაზე. მან სახელი გაითქვა ფოტოსერიებით: „ულისე“ (1988) „ნერგები“ (1994), “განმარტებები“ (2002), „საღეჭი გოგოები“ (2002) და სხვ.
წიბახაშვილის ნამუშევრები დაცულია ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვისა და თესალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში; ასევე კერძო კოლექციებში გერმანიაში, აშშ-ში, ამსტერდამსა და თბილისში.
გამომცემლობა „არტანუჯმა“ „თან საკითხავი“ სერიის ფარგლებში, წიბახაშვილის ფოტოების სამი ალბომი გამოსცა, რომლებშიც ქრონოლოგიურად არის გაერთიანებული 1980, 90-იანი და ახალი მილენიუმის ფოტოამბები.