ნანა ცინცაძე 1971 წელს ამთავრებს თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტს და ამავე წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივსა და საერთაშორისო ბიენალეებსა თუ გამოფენებში. ძირითადად, იგი დაზგურ გრაფიკაში მუშაობს. იყენებს ოფორტის ტექნიკას, აკვარელს, პასტელს, ნახშირს, შერეულ ტექნიკას.
აქვს ზეთითა და ტემპერით შექმნილი ნამუშევრებიც. ოფორტით განხორციელებულ ანაბეჭდთა უმრავლესობა შავ-თეთრის ეფექტებზეა აგებული, ხშირად შიგ ჩართული მქრალი, შეფერილი ლაქებითა და თავშეკავებული ჟღერადობით. პერსონაჟებად ხშირად სხვადასხვა ასაკის ქალები გვევლინებიან. სიმბოლურად გააზრებული მიმქრალი ტონალობითაა გამოსახული ფიგურათა კვატროჩენტოსეული პროფილები, შეიცნობა ძველი და ახალი თაობის ერთიანობა და განუყოფლობა. ძლიერი დაშტრიხვითა თუ აკვარელის გაჟღენთილი ლაქობრივი ეფექტებითაა მიღწეული ჩანაფიქრი. მთავარი ადამიანია! ქალი თუ მამაკაცი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, წარსული თუ მომავალი, ზოგჯერ ანარეკლიდან შესაცნობი, მიმქრალი ფრესკის მსგავსი. გზა, სწრაფვა, სევდა და იმედი… კონკრეტულ ქალაქთა სილუეტები, ტუშისა და კალმის თამამი შტრიხებით გამოხატული მთის სოფლის პეიზაჟები, მუსიკის გაბნეული ხმა… თემატიკის სიუხვე – ბიბლიური თუ შუშანიკის წამების ამსახავი სიუჟეტები და გამოსახვის ინდივიდუალური გააზრება. თითქოსდა ყველაფერს გასდევს ადამიანური ტკივილის ფარული სევდა, ღრმა სულიერი განწყობა, იდუმალება… ნანა ცინცაძის ხელწერა ყველასგან განსხვავებული და ღრმად დამაფიქრებელია. ფერადოვანი ჟღერადობითაა გაჯერებული ზეთის საღებავებით თუ შერეული ტექნიკით შესრულებული აბსტრაქტული ნამუშევრები.
დაბადება/გარდაცვალება1947-2021Share