გამოჩენილი სცენოგრაფი, არქიტექტორი, რეჟისორი, მხატვარი, სცენარისტი, იური ჩიკვაიძე დაიბადა 1934 წელს ქალაქ თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. იქ გაცნობილ ოლეგ ქოჩაკიძესა და ალექსანდრე სლოვინსკისთან ერთად 1957 წელს დააარსა შემოქმედებითი ჯგუფი სამეული, რომლის შემოქმედებითი საქმიანობა ითვალისწინებდა სპექტაკლებისთვის დეკორაციების შექმნას. ჯგუფს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული სცენოგრაფიის განვითარებაში, მისი მხატვრული ენის განახლებაში. მათი თამამი ძიებანი, ორიგინალური მიგნებები დიდ როლს თამაშობდა გამოჩენილ ქართველ რეჟისორებთან ერთად შექმნილი მრავალი დადგმის წარმატებაში, რომლებიც განხორციელდა მარჯანიშვილის, რუსთაველის, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრებში, აგრეთვე საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვა თეატრთა სცენებზე.
1976 წლიდან 1996 წლამდე ი. ჩიკვაიძე სამეულის სხვა წევრებთან ერთად დაინიშნა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარ მხატვრად. აქ მათ გააფორმეს სპექტაკლები – ჯ. ფლეტჩერის ჭირვეული ქმრის მორჯულება (1972), მ. ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძე (1974 ), სოფოკლეს ოიდიპოს მეფე (1978) და ა. შ. ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე კი სამეულმა გააფორმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლები – გ. ნახუცრიშვილის ჭინჭრაქა (1963 ), არტ. მილერის სეილემის პროცესი (1965 ), მ. ელიოზიშვილის ბებერი მეზურნეები (1966); მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრის სპექტაკლი ჯარისკაცი ჯარისკაცია (1965) და სხვ.
სამეულის მიერ შექმნილი დეკორაციები პასუხობდა სპექტაკლთა განსხვავებულ ამოცანებსა და, იმავდროულად, თანადროული სცენოგრაფიული ხელოვნების მოთხოვნებს. თეატრში მათი მოღვაწეობის დაწყება დაემთხვა თეატრალურ ხელოვნებაში ახალი სტილის ძიებას. სწორედ მათ, ხელოვანთა ე. წ. ახალი ტალღის წარმომადგენლებმა, პირველებმა მოახდინეს სცენის სივრცის ინოვაციური გადააზრება.
სამეულის შემოქმედებითი დიაპაზონი საკმაოდ ფართო იყო. თეატრის დეკორაციების გარდა, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ არქიტექტურულ პროექტებს, მაგ., მათ დააპროექტეს ავტომოტელი უშბა (დიღომი. 1962 ); ტურისტული სასტუმრო (ბაკურიანი. 1974); მათვე გააფორმეს ბიჭვინთის საზღვაო სადგური (1968 ); საჭადრაკო და ალპური კლუბები თბილისში და სხვა.
იური ჩიკვაიძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანიმაციური ფილმების წარმოებაში, მათ შორის ისეთი გამორჩეული ნაწარმოებები, როგორიცაა კონკურენცია (1970), ჯადოსნური კვერცხი (1974) და სადა ხარ ჩემო სავანა? (1975) ოქრო (1966), სიზმარა (1983) და სხვა.
1993 წელს იური ჩიკვაიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც 2004 წელს გარდაიცვალა.
2015 წელს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა გამოფენა სამეულის სცენოგრაფია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ქართველი სცენოგრაფების ოლეგ ქოჩაკიძის, ალექსანდრე სლოვინსკის და იური ჩიკვაიძის მიერ შესრულებული 200-მდე ჩანახატი, ილუსტრაცია, კოსტიუმი, მოდელი და პლაკატი საჯარო და კერძო კოლექციებიდან. გამოფენის ფარგლებში გამოიცა დავით ანდრიაძის მონოგრაფია „სამეულის თეატრი.“ გამოფენა ეძღვნებოდა სამეულის ჯგუფის 80 წლის იუბილეს.