Skip to content Skip to footer

ქოჩაკიძე ოლეგ

ოლეგ ქოჩაკიძე, ქართველი ფერმწერი, თეატრის მხატვარი, არქიტექტორი, რეჟისორი და სცენარისტი  დაიბადა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში.  1959 წელს  დაამთავრა   თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. აქ გაიცნო ალექსანდრე სლოვენსკი და იური ჩიკვაიძე, რომლებსაც დაუკავშირა თავისი მომავალი შემოქმედებითი ცხოვრების გზა. 

ო. ქოჩაკიძის, ა. სლოვინსკისა და ი. ჩიკვაიძის მიერ  1957 წელს დაარსებული შემოქმედებითი  ჯგუფი  სამეული   ქმნიდა დეკორაციებს სპექტაკლებისთვის.  სამი ათეული წლის განმავლობაში ამ ჯგუფმა  დიდი როლი ითამაშა საქართველოს სამხატვრო ცხოვრებასა და ზოგადად, ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებაში.

 1976 წლიდან 1996 წლამდე ო. ქოჩაკიძე  სამეულის   სხვა წევრებთან ერთად  ასრულებდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის  თეატრის მთავარი მხატვრის მოვალეობას.  აქ მათ გააფორმეს   სპექტაკლები –  ჯონ ფლეტჩერის  ჭირვეული ქმრის მორჯულება  (1972), მიხეილ ჯავახიშვილის  კვაჭი კვაჭანტირაძე  (1974), სოფოკლეს  ოიდიპოს მეფე (1978) და ა. შ.  ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე კი სამეულმა გააფორმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლები – გიორგი ნახუცრიშვილის  ჭინჭრაქა (1963 ), არტურ მილერის  სეილემის პროცესი  (1965), მერაბ ელიოზიშვილის  ბებერი მეზურნეები  (1966); მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრის სპექტაკლი ჯარისკაცი ჯარისკაცია  (1965) და სხვ.  

სამეულის მიერ შექმნილი დეკორაციები  პასუხობდა  სპექტაკლთა განსხვავებულ ამოცანებსა და, იმავდროულად, თანადროული სცენოგრაფიული ხელოვნების მოთხოვნებს.  თეატრში მათი მოღვაწეობის დაწყება დაემთხვა თეატრალურ ხელოვნებაში ახალი სტილის ძიებას. სწორედ მათ, ხელოვანთა ე. წ. ახალი ტალღის წარმომადგენლებმა, პირველებმა მოახდინეს სცენის სივრცის ინოვაციური გადააზრება.

“სამეულისეული კოსტუმი მუდამ მკაფიოდ, ღიად, შეუნიღბავად წარმოაჩენს პერსონაჟისა და დისკურსის კოსტუმირებად რელაციებს; და არასოდეს მოასწავებს ადამიანთა სოციალურ-როლური მიმართებების ფალსიფიკაციას. მით უფრო, როცა საქმე სცენაზე მიმეზისურ „მუშაობას“ეხება…“ დავით ანდრიაძე.

 სამეულის შემოქმედებითი დიაპაზონი  საკმაოდ ფართო იყო.  თეატრის   დეკორაციების გარდა,     ჯგუფის წევრები ქმნიდნენ  არქიტექტურულ პროექტებს, მაგ., მათ დააპროექტეს  ავტომოტელი  უშბა (დიღომი.  1962 );  ტურისტული სასტუმრო (ბაკურიანი. 1974);     მათვე გააფორმეს  ბიჭვინთის საზღვაო სადგური (1968 ); საჭადრაკო და ალპური კლუბი თბილისში და სხვ.

ქოჩაკიძე  დაინტერესებული იყო ანიმაციური კინოხელოვნებითაც: კონკურენცია (დამდგმელი რეჟისორი და მხატვარი, სცენარისტი.1970), ჯადოსნური კვერცხი (დამდგმელი რეჟისორი,  მხატვარი და სცენარისტი.1974), სადა ხარ, ჩემო სავანა? (დამდგმელი რეჟისორი და მხატვარი.  1975); ოქრო (დამდგმელი მხატვარი, სცენარისტი. 1966 ),   სიზმარა  (დამდგმელი   მხატვარი.  1986),  დოკუმენტური ფილმი უკვდავი სული (დამდგმელი მხატვარი.  1987) და ა. შ.

1989 წელს ქოჩაკიძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. მისი   ნამუშევრები დაცულია: საქართველოს მხატვართა კავშირში; თბილისში, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის; მოსკოვის (რუსეთი) ბახრუშინის სახელობისა და ზიმერლის ხელოვნების მუზეუმებში, ნიუ ჯერსი, (აშშ.) ასევე  საქართველოს, საფრანგეთის, იტალიის, რუსეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში.

 

ოლეგ ქოჩაკიძე
დაბადების თარიღი1935გარდაცვალების თარიღი2017Share

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.