ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი შალვა ქიქოძე დაიბადა 1894 წელს საქართველოში, სოფელ ბახვში.
1902-1912 წლებში სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიით მოსკოვში გაემგზავრა და თავდაპირველად მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იურისპრუდენციის სწავლის პარალელურად, 1916-18 წლებში, ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტში, ფერწერის განყოფილებაზე სწავლობდა.
სამხატვო სასწავლებელში სწავლასთან ერთად მხატვარი აქტიურად იყო ჩაბმული მოსკოვის თეატრალურ ცხოვრებაში. თანამშრომლობდა ჟურნალ თეატრი და ცხოვრებას – თან და ნიკიტა ბალიევის თეატრ-კაბარე ღამურასთან. ამავე პერიოდში ქმნიდა კარიკატურებს ქართული იუმორისტული ჟურნალებისთვის (ლახტი, ეშმაკის მათრახი ). ასევე თანამშრომლობდა თბილისში გამოცემულ რუსულენოვან ჟურნალთან- ხელოვნება. აქვეყნებდა კარიკატურებს, წერდა რეცენზიებს, იყო სარედაქციო კოლეგიის წევრი.
არდადეგებზე საქართველოში ყოფნისას შალვა ქიქოძე მონაწილეობდა ქართველ ხელოვანთა საზოგადოებისა და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ერთობლივ სამეცნიერო ექსპედიციებში. მან ლადო გუდიაშვილთან, მოსე თოიძესთან, გიორგი ერისთავთან და მიხეილ ჭიაურელთან ერთად, შექმნა ნაბახტევის ეკლესიის მოხატულობის პირები.
1918 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შალვა ქიქოძე აქტიურ შემოქმედებით და საზოგადო მოღვაწეობას ეწეოდა. ის ქართველ ხელოვანთა საზოგადოების მდივნად აირჩიეს. საქართველოს მთა-ბარში მოგზაურობის შედეგად მან მნიშვნელოვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები შექმნა. 1918 წელს მუშაობა დაიწყო სცენოგრაფად საფრანგეთიდან ახლადდაბრუნებული რეჟისორის გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში.
1920-1921 წლებში შალვა ქიქოძე ქართველ ხელოვანთა საზოგადოების მიერ გამოვლენილ პირველ სტიპენდიანტებთან ერთად პარიზში ცხოვრობდა და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. თანადროულ პარიზულ მხატვრობას ნაზიარებმა შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები-თვითმყოფადი და ეროვნული მემკვიდრეობა.
მხატვრის თქმით, ყოველი ხელოვნება, ყოველი ერი იქმნება ეროვნულ ჩარჩოებში, მხოლოდ ეროვნულ ფარგლებში აღმოცენებულ ფორმას ეძლევა საერთაშორისო მნიშვნელობა.
1921 წელს შალვა ქიქოძის ნამუშევრები დავით კაკაბაძესა და ლადო გუდიაშვილთან ერთად გამოფინა პარიზის ლა ლიკორნსა (La Licorn) და დამოუკიდებელთა სალონში (Salon des indépendants).
1921 წელს შალვა ქიქოძე პარიზიდან გერმანიაში გაემგზავრა. აქ, ამავე წელს, ქალაქ ფრაიბურგში, მძიმე სენით დაავადებული მხატვარი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად შალვა ქიქოძის მხატვრული მემკვიდრეობა ქართული მოდერნიზმის და ზოგადად ქართული კულტურის მნიშვნელოვანი საგანძურია.
მხატვრის მეგობრების ძალისხმევის შედეგად პარიზში შექმნილი მხატვრის ნამუშევრები სამშობლოში ჩამოვიდა. შალვა ქიქოძის მემკვიდრეობის ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
სხვა ავტორები
ლელა ტაბლიაშვილი 1986-92 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე ანიმაციის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ვეფხისტყაოსანის ანიმაციური ვერსია –ხელმძღვანელი მამია მალაზონია. 1988 წელს იმყოფებოდა სასწავლო პრაქტიკაზე ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის სამხატვრო აკადემიაში. 1994 წლიდან არის იუნესკოს გრფიკოს-დიზაინერთა კავშირის წევრი მოსკოვში. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის…
ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილი, შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იან წლებში გამოვიდა. იგი იმ თაობის წარმომადგენელია რომელსაც ორმოცდაათიანელებს უწოდებენ. ორმოცდაათიანელებმა მეამბოხე თაობის სახელი დაიმკვიდრეს. ჟანი მეძმარიაშვილი დაიბადა ქ. ქუთაისში. სამხატვრო განათლება თავდაპირველად თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში მიიღო. (1941-1944) მისი მასწავლებელი ვალენტინ შერპილოვი იყო. ჟანი მეძმარიაშვილი თბილისის სამხატვრო…
ვახტანგ გულისაშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, დეკორატორი, დიზაინერი, მთეგავი. 1960-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე (პედაგოგები: უჩა ჯაფარიძე, სერგო ქობულაძე). მხატვარს შექმნილი აქვს მნიშვნელოვანი ნამუშევრები ბიჭვინთის ხელოვნების სახლისა და მოსკოვის სასტუმრო მოჟაისკისთვის. მისი მრავალდარგოვანი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეასა და კერძო კოლექციებში. „წიწამური.“1987.…