თენგიზ ქართველიშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, დეკორატორი და ექსპოზიციონერი, 1970-იანი წლების მხატვართა თაობას მიეკუთვნება. სცენოგრაფიისა და პლაკატის გარდა, მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი მიმართულება ფერწერაა, სადაც ძირითადი მოტივი ურბანული პეიზაჟია. შექმნილი აქვს ძველი თბილისის ამსახველი მრავალი ტილო, რომელშიც ხშირად იყენებს კოლაჟის ტექნიკას.
1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია მხატვარ-დეკორატორის სპეციალობით. სტუდენტობის წლებშივე დაიწყო მუშაობა სცენოგრაფად საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსატიტუტის სახალხო თეატრში, სადაც შვიდი სპექტაკლი გააფორმა. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობას იღებდა პლაკატების რესპუბლიკურ და საკავშირო კონკურსებში. არის 300-მდე ტირაჟირებული პლაკატის ავტორი. 1978 – 2004 წლებში იყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციის განყოფილების გამგე და მთავარი მხატვარი. შექმნილი აქვს საქართველოში გამართული მრავალი გამოფენისა და სიმპოზიუმის პლაკატი. 1985 წელს, თენგიზ ქართველიშვილს ანდეს ცნობილი ამერიკელი კოლექციონერის, არმანდ ჰამერის მსოფლიო შედევრთა გამოფენის ექსპოზიციის გაკეთება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი. 1983 წელს მიენიჭა წლის საუკეთესო მხატვრის წოდება.
1990-იან წლებში მუშაობდა კინომხატვრად. არის დამდგმელი მხატვარი ფილმებისა „შემსრულებელი“. 1994. რეჟ. მ. ბორაშვილი; „შიში“. 1996. რეჟ. ზ. სავანელი; „ცარიელი სივრცე“. 2001. რეჟ. მ. ბორაშვილი.
2004 წლიდან დღემდე თენგიზ ქართველიშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საექსპოზიციო-ტექნიკური ჯგუფის უფროსია.