ბორის ფოგელი დაიბადა დაღესტანში. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში (1878). დაამთავრა თბილისის გიმნაზია. 1891 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1896-1997წწ. სწავლობდა პარიზის ჟიულიენის აკადემიაში; 1897-1902 წწ. – პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ თბილისში დაბრუნდა და მუდმივი მონაწილე იყო აქ მოწყობილი ყველა სამხატვრო გამოფენისა; დ. გველესიანთან და ა. ციმაკურიძესთან ერთად თბილისის კომუნალურ მუზეუმში მოწყობილი გამოფენისათვის 1925 წელს შექმნა ძველი თბილისის ამსახველი დიდი სერია, 1928 – იმავე მუზეუმის გამოფენისათვის – “ახალი თბილისი”; იყო 1927 წელს დაარსებული ქართველ მხატვართა გაერთიანების “რევმასის” (“რევოლუციურ მხატვართა ასოციაციის”) წევრი; დიდ დროს უთმობდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც; თავდაპირველად მუშაობდა ხატვის მასწავლებლად თბილისის ქალთა I გიმნაზიაში; 1902 წლიდან “ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელ კავკასიის საზოგადოებასთან” არსებულ სამხატვრო სკოლაში; 1911-1914წწ. ფერწერას და ხატვას ასწავლიდა ნ. სკლიფოსოვსკის “ხატვისა და ფერწერის კურსებზე” (სადაც არაერთი ქართველი მხატვარი აღიზარდა), აგრეთვე თბილისის სომეხ მხატვართა საზოგადოების “აიარტუნის” სამხატვრო სტუდიაში (თვითონაც მოინაწილეობდა ამ საზოგადოების მიერ ორგანიზებულ გამოფენებში); 1934 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), მაგრამ საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია; მისი ნამუშევრები დაცულია ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სანქტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმში და მრავალ კერძო კოლექციაში.
