
კარლო ფაჩულია (დ.1942) მუშაობს დაზგური ფერწერისა და გრაფიკის დარგში, აფორმებს წიგნებს, ქმნის ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს. თავდაპირველი სამხატვრო განათლება მან ქუთაისის სამხატვრო სკოლაში მიიღო (1955-1959), სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე (1964‑1970), სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში (1972-1975), 1969-1973 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვარი; გაზეთების – „ლიტერატურული საქართველოსა“ (1985 წლიდან) და „ქომაგის“ (1998 წლიდან) მხატვარ-რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნოველა (1999), არის ილია ჭავჭავაძისა და დავით კაკაბაძის პრემიების ლაურეატი (2008), ღირსების ორდენის კავალერი (2002). კარლო ფაჩულია მაღალ პროფესიულ დონეზე ფლობს გრაფიკის ტექნიკებს – ოფორტსა და ლითოგრაფიას. მისი საყვარელი
მასალა ტუში და კალამია, რომლითაც, ძირითადად, ჩანახატებს ასრულებს. თუმცა ყველა მისი ე.წ. ჩანახატი სრულყოფილი, ემოციით სავსე, თამამი ხელწერით შესრულებული კომპოზიციაა, რაც მხატვრის მიერ მასალის ოსტატური ფლობის შედეგია. მხატვრის შემოქმედების თემატიკა მრავალფეროვანია: ხატავს ძველი თბილისის ხედებს, ადამიანთა ყოფის ამსახველ სცენებს. მხატვრის ხელწერა თამამია, თავისუფალი, თითქოსდა სტიქიური… თეთრ, ხშირად კი აკვარელით დაფერილ, ნათელი ტონალობის ფონზე თამამ ხაზთა დინებითაა გამოკვეთილი ემოციით დამუხტული ნახატი. მის მიერ გაფორმებული და ილუსტრირებული თითოეული წიგნი (ასეთი კი რამდენიმე ათეულია) შინაარსის ვიზუალურად გამომხატველია.


