Skip to content Skip to footer

სულაკაური დათო-არჩილ

დათო-არჩილ სულაკაურმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საკმაოდ მრავალფეროვანია მისი შემოქმედებითი გზა: 1986 წელს გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი „მხატვრისა და მასალის ურთიერთდამოკიდებულება“; 1987 წელს იყო ქართული თოჯინური ფილმების სცენარისტი და მხატვარი; 1989 წელს – ერთ-ერთი სცენარისტი ფილმისა „ანემია“; 1989-2010 წლებში შეასრულა კედლის მხატვრობა საქართველოს რეგიონებისა და უცხოეთის რამდენიმე ეკლესიაში – ღვთისმშობლის სახელობის ბერძნულ ტაძარში (წალკა. 1989), მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის რუსულ ეკლესიაში (პრივოლნოე, სომხეთი. 1992); მილუოქის შარმან პარლის ლუთერანული ეკლესიის შეკრების დარბაზში (აშშ, 1997); მოციქულ თომას მიერ მაცხოვრის გვერდის განხილვის სახელობის ეკლესიის ეკვდერში (ახალქალაქი. 2010). დათო სულაკაურის შემოქმედებაში ევროპული და აღმოსავლური ხელოვნების, ასევე ქართული მონუმენტური მხატვრობის ვიზუალური ხატები ახალი შინაარსით იტვირთება, ექსპრესიული მხატვრული სამყაროს სახით ყალიბდება და ქვეყნისა და თანამედროვეთათვის სოციალურად მწვავე თემებს ეხმიანება. სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით ექსპერიმენტირება მის ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებს პლასტიკურთან ერთად განსაკუთრებულ ფაქტურულ გამომსახველობასაც სძენს. სულაკაურის პეიზაჟები, პორტრეტები, მრავალფიგურიანი და რელიგიური ხასიათის კომპოზიციები შთამბეჭდავია თავისი მონუმენტურობით, კომპოზიციური სტრუქტურის ორიგინალობითა და მხატვრულ სახეთა ექსპრესიულობით. მისი ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე საქართველოს, ავსტრიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში.

დაბადების თარიღი1952Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.