კოტე სულაბერიძე მხატვრების 90იანი წლების თაობის წარმომადგენელია.
კოტე სულაბერიძის ნამუშევრები 1990 იანი წლების დასასრულ გამოჩნდა. ჯერ კიდევ მის სადიპლომო ნამუშევარში გამოვლინდა ვიზუალური და ვერბალური ინფორმაციის სინთეზირების მცდელობა. კოტე სულაბერიძის ისტორია უცნაურად იწყება: როდესაც აკადემიაში აბარებდა, მას ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს. თვალის ექიმმა მხატვარი დალტონიზმის დიაგნოზით გამოისტუმრა, გადამოწმებისას კი ფერადოვანი მხედველობის დარღვევა დაუდასტურეს. დალტონიზმის თემაზე მხატვარმა ნამუშევრებიც შექმნა სახელწოდებით „დალტონიკის თვალებით“. ნამუშევარი „დალტონიზმით დაავადებულის თვალთა ხედვით“ (2012 წ.) გალერეა „ბაიას“ დაკვეთით „Sotheby’s“-ის გამოფენისთვის შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ამავე დასახელების ინსტალაცია ავტორმა 1999 წელს შექმნა პროექტისთვის „ხიბლი“. ეს ნამუშევარი მხატვრის მიერ ფერთა შესწავლის შემდგომი ეტაპია. დიპტიქის ორი ნაწილი ურთიერთუარყოფაა. მათში გადმოცემულია, თუ როგორ ხედავს სამყაროს დალტონიკი და ჩვეულებრივი ადამიანი. ნამუშევარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხედვის ნორმატივებსა და სამყაროს ჩვენებურ აღქმას. კოტე სულაბერიძის ხელოვნება მრავალშრიანობით გამოირჩევა. მხატვრის ნამუშევრები გარკვეულ ვიზუალურ ისტორიებს ასახავს და ყოველდღიურობის ვიზუალური ხატებია. მის ხელოვნებაში დაცულია ხატოვანი აზროვნების ვიზუალური გამოსახულებებით თხრობის საუკეთესო ქართული ტრადიციები.
კოტე – ექვსი მხატვროს მოკრძალებული ხიბლი. 1999