ალექსანდრე სლოვინსკი დაიბადა 1935 წელს თბილისში, ცნობილი ინჟინრის, ნიკოლოზ სლოვინსკისა და მისი მეუღლის, ბარბარე იოსავას, ოჯახში. ალ. სლოვინსკიმ 1953 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ის იქ დაუმეგობრდა თანაკურსელებს – იური ჩიკვაიძესა და ოლეგ ქოჩაკიძეს, 1957 წელს კი მათთან ერთად დააარსა შემოქმედებითი ჯგუფი სამეული, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სცენოგრაფიის განვითარებაში.
1976 -1996 წლებში ალ. სლოვინსკი სამეულის სხვა წევრებთან ერთად ასრულებდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვრის მოვალეობას. აქ მათ გააფორმეს სპექტაკლები – ჯონ ფლეტჩერის ჭირვეული ქმრის მორჯულება (1972), მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძე (1974), სოფოკლეს ოიდიპოს მეფე (1978) და ა. შ. ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე კი სამეულმა გააფორმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლები – გიორგი ნახუცრიშვილის ჭინჭრაქა (1963 ), არტურ მილერის სეილემის პროცესი (1965), მერაბ ელიოზიშვილის ბებერი მეზურნეები (1966); მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრის სპექტაკლი ჯარისკაცი ჯარისკაცია (1965) და სხვ.
ჯგუფმა თავისი თამამი ძიებებითა და ორიგინალური მიგნებებით ხელი შეუწყო მარჯანიშვილისა და რუსთაველის დრამატულ, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრებში სცენოგრაფიის მხატვრული ენის განახლებას. ამან კი, თავის მხრივ, დიდად განაპირობა ცნობილ ქართველ რეჟისორებთან შემოქმედებითი თანამშრომლობით შექმნილი არაერთი დადგმის წარმატება. მათი სცენოგრაფიით წარმოდგენილი იქნა აგრეთვე სპექტაკლები უცხოეთის სხვადასხვა სცენაზე.
სამეულის მიერ შექმნილი დეკორაციები პასუხობდა სპექტაკლთა განსხვავებულ ამოცანებსა და, იმავდროულად, თანადროული სცენოგრაფიული ხელოვნების მოთხოვნებს. თეატრში მათი მოღვაწეობის დაწყება დაემთხვა თეატრალურ ხელოვნებაში ახალი სტილის ძიებას. სწორედ მათ, ხელოვანთა ე. წ. ახალი ტალღის წარმომადგენლებმა, პირველებმა მოახდინეს სცენის სივრცის ინოვაციური გადააზრება.
სამეულის შემოქმედებითი დიაპაზონი საკმაოდ ფართო იყო. თეატრის დეკორაციების გარდა, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ არქიტექტურულ პროექტებს, მაგ., მათ დააპროექტეს ავტომოტელი უშბა (დიღომი. 1962 ); ტურისტული სასტუმრო (ბაკურიანი. 1974); მათვე გააფორმეს ბიჭვინთის საზღვაო სადგური (1968); საჭადრაკო და ალპური კლუბები თბილისში და სხვა.
სამეულის წევრები მრავალი მხატვრული ფილმისა და მულტფილმის დამდგმელი მხატვრები, ზოგჯერ სცენარის ავტორები და რეჟისორებიც კი იყვნენ. დიდია სამეულისა და, კონკრეტულად, ა. სლოვინსკის როლი ქართული გრაფიკის საინტერესო ნიმუშების შექმნაში. მის მიერ დასურათებულია მსოფლიო ლიტერატურული კლასიკისა და ფოლკლორის არაერთი ნაწარმოები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი წვლილი ქართული სახვითი შექსპირიანის შექმნაში.
თავისი მრავალწლიანი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ა.სლოვინსკიმ ორიგინალური ხედვითა და ოსტატობით გამორჩეული მრავალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი შექმნა. 1961 წელს ა. სლოვინსკი გახდა არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირის, 1965 წელს -მხატვართა კავშირის, 1971 წელს კი – კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1967 წელს სამეულის სხვა წევრებთან ერთად მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის საპატიო წოდება. ჯგუფის დაშლის შემდეგ მან განაგრძო მთავარ მხატვრად დამოუკიდებელი მუშაობა მუსიკალური კომედიის თეატრში, ამავდროულად, დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სამხატვრო აკადემიაში (კითხულობს კომპოზიციის კურსს), სადაც მას პროფესორის წოდება მიენიჭა.
ალექსანდრე სლოვინსკი პროფესორად მიიწვიეს თეატრალურ ინსტიტუტშიც, სადაც სტუდენტებს უკითხავს ლექციებს სცენის დიზაინისა და ტექნოლოგიების შესახებ.