გიორგი როინიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე 1947 წლიდან ჟურნალ „დილის” რედაქციაში იწყებს მუშაობას და ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი სამხატვრო რედაქტორია. მან დაგვიტოვა ათეულობით ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევარი, წიგნების ილუსტრაციები. მუშაობდა პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრებში, ქმნიდა თემატურსა და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს; აფორმებდა სპექტაკლებსა და ფილმებს. თავისი ნამუშევრებისთვის იყენებდა სხვადასხვა მასალას: ზეთისა და ტემპერის საღებავებს, გუაშს, აკვარელს, ფანქარს, ტუშსა და კალამს. გიორგი როინიშვილის შემოქმედებისათვის სახასიათოა სიახლის მუდმივი ძიება. პეიზაჟურ ფერწერაში მხატვარი იყენებს იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელ ხერხებს, ფუნჯის მონასმი თამამი, თავისუფალი და შეუზღუდავია. ნაგებობათა დამახასიათებელი სტილით შეიცნობა სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის ხედები. იყენებს დეკორატიულ მოტივებსაც. ამასთან, ნახატი ხასიათდება ფერადოვანი, სიბრტყობრივ-ლაქობრივი შესრულებითა და დეტალური დამუშავებით. ხატავს ეთნოგრაფიულ ტიპაჟებსაც. გოგი როინიშვილი ყოველთვის ცდილობს, დარჩეს საკუთარი პრინციპების ერთგული და ახერხებს კიდეც თავიდან აიცილოს საბჭოთა წლებში გამეფებული იდეოლოგიური დოგმატიზმი. რაც შეეხება მის აბსტრაქტულსა და კუბისტურ კომპოზიციებს, აქ მხატვარი თავს აღწევს ერთფეროვნებას. შემოქმედების ბოლო ათწლეულებში წერის ტექნიკა უფრო ლესირებული გახდა, მონასმი კი იმდენად თხელი, რომ ხშირად საღებავის თვისებრიობის გარჩევაც კი ჭირს. გიორგი როინიშვილი დაუღალავი და მუდმივად მაძიებელი მხატვარი იყო.