Skip to content Skip to footer

რამიშვილი კოკა

კოკა რამიშვილი მუშაობს სხვადასხვა მედიაში – სახვითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, ქანდაკება, ინსტალაცია, ვიდეოარტი. მისი ნამუშევრები ეფუძნება პოეტურ-სტრუქტურულ პლატფორმასა და ინტერდისციპლინურ პრაქტიკას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ესთეტიკურ ფილოსოფიას, არამედ ერთმანეთში გადაკვეთილ მეცნიერებას-კვანტურ ფიზიკას, მედიცინას, სოციალურ დისციპლინებს. ბოლო დროს უპირატესობას ანიჭებს ფოტოგრაფიასა და აკვარელს. მისი ფოტოები – სინათლის ფენომენის, აკვარელი კი ფერის კვლევის დოკუმენტაციაა. კოკა რამიშვილმა 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მუშაობა ჯარჯი ბალანჩივაძესთან, ჩართული იყო სინთეზური თეატრის საქმიანობაში. მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ეტაპია 1987 წლიდან „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ მხატვართა ჯგუფში მოღვაწეობა. 1991 წელს მან შექმნა თორმეტი შავ-თეთრი ფოტოსაგან შემდგარი დოკუმენტური სერია „ომი ჩემი ფანჯრიდან“, რომელიც თბილისში მიმდინარე ომს ასახავდა. 1991-1994 წლებში ის მუშაობდა ვოლფგანგ პლატცის სახელოსნოში (მიუნხენი, გერმანია), 1994 წელს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის თანადამაარსებელი იყო, 1997 წელს კი დააფუძნა ვიზუალური ლაბორატორია და ჟურნალი „სიგნალი“. 1997 წელს მან ვიდეოინსტალაციისთვის „სიგნალი“ მიიღო ჯილდო ბაუჰაუსის სახელოვნებო სკოლისა და შტუტგარტის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიისაგან. ხელოვანი მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის, ინგლისის, ბელგიის, ჰოლანდიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის გალერეებთან. მათ შორისაა: „Tate Modern“ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), „MAMCO“ (ჟენევა, შვეიცარია), გოეთეს ინსტიტუტი (ბერლინი, გერმანია), „Musée des Beaux-Arts“ (ნანტი, საფრანგეთი), „M KHA“ – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ანტვერპენი, ბელგია), კობრას მუზეუმი (ამსტერდამი, ჰოლანდია). 2009 წელს მან საქართველო წარმოადგინა ვენეციის 53-ე ბიენალეზე. კოკა რამიშვილი 2000 წლიდან ცხოვრობს და
მუშაობს ჟენევაში.

კოკა – ექვსი მხატვრის მოკრძალებული ხიბლი. 1999.

კოკა რამიშვილი, შავი ზღვა. 2008

10 ნოემბერი 2022 – 02 დეკემბერი 2022. ეროვნული გალერეა

კოკა რამიშვილი
დაბადების თარიღი1956Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.