იაკობ ნიკოლაძე დაიბადა 1876 წელს, ქუთაისში. პირველი ქართველი პროფესიონალი მოქანდაკე, მრგვალი ქანდაკების სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი, სსრკ სახალხო მხატვრი, სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922).
იაკობ ნიკოლაძემ სამხატვრო განათლება მიიღო მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894), ოდესის სამხატვრო სკოლასა (1984-1898) და პარიზში ლ.ფოლგიერისა (1899-1901) და ა.მერსიეს (1904-1910) სტუდიებში. 1906-1907 წლებში ის ოგიუსტ როდენის სახელოსნოში მუშაობდა. ამ პერიოდზე დაწერილი აქვს წიგნი ერთი წელი როდენთან.
მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი – ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი, მწუხარე საქართველო, მთაწმინდის პანთეონში 1913 წელს დაიდგა.
1930-იანი წლების ბოლოს ნიკოლაძემ შექმნა ჰორელიეფები მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ექსტერიერისთვის.
იაკობ ნიკოლაძე უმთავრესად პორტრეტული ქანდაკების ჟანრში მუშაობდა. მან შექმნა როგორც ისტორიული პორტრეტები, ასევე თანამედროვეთა პორტრეტული გალერეა.
მის საუკეთესო ნამუშევრებს შორისაა მე-12 საუკუნის პოეტ ჩახრუხაძისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები, მცირე პლასტიკაში შესრულებული კომპოზიციები.