ნინო მორბედაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა და მაშინვე მიიპყრო ყურადღება სიურრეალისტური ფიგურატიული კომპოზიციებით და აკადემიური მხატვრის გამორჩეული ოსტატობით.
მისი ნახატები ნორტონ და ნენსი დოჯებმა შეიძინეს საბჭოთა პერიოდის მხატვრობის თავიანთი კოლექციისთვის, რომელიც დღეს, ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის უმდიდრესი კოლექციის ნაწილია.
საქართველოს მასშტაბით მხატვარს არაერთი სოლო გამოფენა ჰქონდა მოწყობილი. ამას გარდა, ის მონაწილეობდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან ჯგუფურ გამოფენაში.
ნინო მორბედაძე მოთხოვნადია, როგორც კინო-მხატვარი. შექმნილი აქვს მხატვრობა მიხეილ კობახიძის, ნოდარ მანაგაძის, ლევან თუთბერიძისა და გიგა აგლაძისა ფილმებისთვის. ამ უკანასკნელის ფილმის „სხვა მე“-ს აღმასრულებელი პროდიუსერი დევიდ ლინჩი იყო.
ნინო მორბედაძის ნამუშევრები ინხება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმსა ((Zimmerly Art Museum, State University of New Nersey) და სან-დიეგოს სტივენსონის გალერეაში (R.B. Stivenson Gallery), კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
მხატვრის დებიუტი საერთაშორისო აუქციონზე 2020 წელს შედგა, როდესაც ლონდონში, „ფილიპსის“ აუქციონზე, გაიყიდა მისი ტილო „დროის ფარგლებს გარეთ“. მომდევნო წელს, იმავე „ფილიპსის“ აუქციონზე („XX საუკუნისა და თანამედროვე ხელოვნება“) გაიყიდა მისი სურათი „ზღაპარი.“