Skip to content Skip to footer

მიქელაძე გოგი

გოგი მიქელაძე – ფერმწერი და კინომხატვარი – იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდგომ (1965), თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე დაეუფლა კინომხატვრობის ოსტატობას (1965 – 1971).  ის არის დამდგმელი მხატვარი მრავალი ცნობილი და პოპულარული ქართული ფილმისა, რომელთა შორისაა ელდარ შენგელაიას „სავარძელი“ (2016),  რუსუდან გლურჯიძის „უცხო სახლი“(2014), ცაბაძის „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2007), ირაკლი კვირიკაძის „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“ (1989) თენგიზ აბულაძის „მონანიება“ (1983), ლანა ღოღობერიძის „დღეს ღამე უთენებია“, 1982  მერაბ კოკოჩაშვილის „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (1980) ირაკლი კვირიკაძის „ქალაქი ანარა“ (1976), რეზო ჩხეიძის „ნერგები“ (1971) და სხვ.  სწორედ „ნერგებით“ დაიწყო მისი თანამშრომლობა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“, რომელიც დღემდე გრძელდება.

1987 წელს ფილმს „მონანიება“საუკეთესო მხატვრობის ნომინაციაში  რუსეთის კინოაკადამიის ჯილდო „ნიკა“  მიენიჭა.

გიორგი მიქელაძე ორჯერ გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1987 წელს, ნოდარ მანაგაძის ფილმის „ეი, მაესტრო“ კინომხატვრობისთვის და 2004 წელს მ. ბორაშვილის ფილმების – „გზა მაცხოვრისა“ და „დედაო ღვთისავ“ მხატვრობისთვის.

გოგი მიქელაძე მონაწილეობდა პოპ-არტის გამოფენებში, რომლებიც 1986 წელს თბილისსა და მოსკოვში გაიმართა და  1979 – 1994 წლების   ჯგუფურ გამოფენებში ვარშავაში, ლოზანაში, მიუნჰენსა და ევროპის სხვა ქალაქებში.

1995 წელს მისი პერსონალური გამოფენა ბერლინში გაიმართა; 1999 წელს კი – ქალაქ პიცბურგში (აშშ, პენსილვანიის შტატი)

გოგი მიქელაძის ნამუშევრები დაცულია იაპონიის, ბელგიის, იტალიის, საფრანგეთის, რუსეთისა და საქართველოს კერძო კოლექციებში; ოცამდე ნამუშევარი შესყიდული აქვს ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ზიმერლის მუზეუმს, რომლის დამფუძნებლებმა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში,  საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნების დიდი კოლექცია შეაგროვეს.

მხატვარი მუშაობს ფერწერის დარგში. იყენებს პოპ-არტის ელემენტებს – ქმნის კოლაჟებსა და არტ-ობიექტებს

გოგი მიქელაძე
დაბადების წელი1946Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.