Skip to content Skip to footer

მაღალაშვილი ქეთევანი

ქეთევან მაღალაშვილი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე , საქართველოს სახალხო მხატვარი დაიბადა საქართველოში, ქალაქ ქუთაისში. 1911-1915 წლებში ის კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. 1914 წელს მოსკოვში გაემგზავრა და სწავლა განაგრძო ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ კ.კოროვინი, ნ.კასატკინი და სხვები..
1917 წელს ქეთევან მაღალაშვილი თბილისში ბრუნდება და ახლადშექმნილ ქართველ ხელოვანთა საზოგადოებაში ერთიანდება. საზოგადოების ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი საქმე ექსპედიციებია, სადაც ქეთევან მაღალაშვილი სხვა ცნობილ მხატვრებთან ერთად ქართული ქრისტიანული სატაძრო ფრესკების პირებს ქმნის. 1921 წლიდან ის ახლად დაარსებულ ეროვნულ სამხატვრო გალერეაში მუშაობს. ქეთევანი ამ გალერეის დაარსების თანამონაწილე და მოამაგეა.
მისი, როგორც ფერმწერის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია პარიზში გატარებული წლები (1923 -1926 ). აქ ის ცნობილ კოლაროსის აკადემიაში ირიცხება. პარიზის მხატვრული სამყარო უზარმაზარი გამოცდილებაც იყო და გამოცდაც. გამოცდა ინდივიდუალური, ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას აგრძელებს სიცოცხლის ბოლომდე და ქართული მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად გვევლინება.
ქეთევან მღალაშვილის შემოქმედებაში თავიდანვე გამოიკვეთა ინტერესი პორტრეტული ჟანრისადმი. მან თანადროული ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ელიტის ფართო პორტრეტულ გალერეა დაგვიტოვა.
ამ ფსიქოლოგიური პორტრეტების ხიბლი ფერწერული ზედაპირის გამომსახველობაშია. რეალისტური ფერწერის ფარგლებში წერის მანერა იმპროვიზაციულია. ცალკეული ფორმები მოულოდნელად აბსტრაგირებულად მიინიშნება. მხატვრული მთლიანობის ყველა კომპონენტი ჰარმონიულ თანხვედრაშია და სასურველი გამომსახველობის სიზუსტეს განსაზღვრავს.
ქეთევან მაღალაშვილის მხატვრული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

ქეთევან მაღალაშვილი
დაბადება/გარდაცვალება1894-1973Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.