მოდერნისტი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძე ამავდროულად ხელოვნების თეორეტიკოსი, მეცნიერი და გამომგონებელიცაა.
მე-20 საუკუნის ქართული მხატვრობის ისტორიაში მისი სახელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
დავითი 1889 წელს იმერეთში, სოფელ კუხში დაიბადა. მალე ოჯახი ქუთაისში დაფუძნდა და ის ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს. დავითი ბავშვობიდან გამორჩეული იყო მრავალმხრივი ინტერესებით, მიდრეკილებით როგორც საბუნებიმეტყველო საგნების ისე მხატვრობის მიმართ.
და როცა 1910 წელს ის პეტერბურგში გაემგზავრა სამხატვრო აკადემიაში განათლების მისაღებად და კონკურსისთვის სათანადოდ მომზადებული ვერ აღმოჩნდა, პეტერბურგის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად სამხატვრო განათლებას დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში ეუფლებოდა. ამავდროულად უნივერსიტეტში ის ხელოვნების ისტორიის კურსს ისმენდა..
საინტერესოა, რომ 1915 წელს ახალგაზრდა დავითი პეტერბურგში თავის სამოქმედო გეგმას კრედოს სახით აყალიბებს , სადაც პირველ პუნქტად დიდი და ხანგრძლივი შრომა უწერია, შემდეგ – სახვადასხვა ეპოქისა და რეგიონის მნიშვნელოვანი მხატვრული სისტემების შესწავლა, ერთ-ერთი პუნქტი კი ასეთია- მხატვარს უნდა ახსოვდეს , რომ ხელოვნება მეცნიერებაა…
პეტერბურგში, დავით კაკაბაძე, რუსული ავანგარდული ხელოვნების თანაზიარი ხდება.
ის მოდერნისტ მხატვართა იმ წრეს ეკუთვნოდა, რომლებიც თვლიდნენ, რომ ხელოვნების ნიმუში არა მხოლოდ შთაგონებით, არამედ დიდი ცოდნის საფუძველზე უნდა შეიქმნას. 1914 წელს ის ცნობილ რუს მხატვარ პაველ ფილონოვთან ერთად სამხატვრო გაერთიანებას აარსებს. თავისთავად მეტყველია მათი მანიფესტის სახელი- сделанные картины.
1918 წელს დავით კაკაბაძე საქართველოში ბრუნდება. ამ დროს ის 30 წლისაა და მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო და სამხატვრო განათლება აქვს მიღებული.
1919 წელს საქართველოს ხელოვანთა საზოგადოების გადაწყვეტილებით ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მხატვრებს თანამედროვე ხელოვნებასთან საზიარებლად პარიზში აგზავნიან. პირველ ეტაპზე, ასეთები აღმოჩნდენენ დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი.
ამრიგად, 1919-1927 წლებში დავითი ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში. მხატვრის შემოქმედებაში მე-20 საუკუნის მოდერნისტული ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობა და მხატვრული მეთოდი აისახა.
დავით კაკაბაძე ქმნის აბსტრაქციებს, კოლაჟებს, კუბისტურ და კონსტრუქტივისტულ კომპოზიციებს, ამასთან ის რჩება გამორჩეულად თვითმყოფადი და ეროვნული შემოქმედი.
პარიზში გამოდის მხატვრის არა ერთი თეორიული ნაშრომი ხელოვნების თემაზე, რომლებიც ფაქტობრივად პირველი ნაშრომებია ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში.
ამავე პერიოდში,1921 წლიდან ის სამეცნიერო გამოგონებაზე მუშაობს და უსათვალო კინოსაპროექციო სტერეო აპარატს ქმნის. 1922-1925 წლებში კაკაბაძის გამოგონება დაპატენტდა ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, იტალიაში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებში
განსაკუთრებით აღსაღნიშნია, რომ 1926 წელს დავით კაკაბაძის ნამუშევრები /აბსტრაქტული სკულპტურა Z, 19 აკვარელი და 6 კოლაჟი/ ქ.ნიუ-ორკში, ბრუკლინის მუზეუმის ცნობილ საერთაშორისო გამოფენაზე გამოიფინა. გამოფენა ვასილი კანდინსკის 60 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნებოდა და ამერიკაში ევროპული მოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთ პირველ მნიშვნელოვან პრეზენტაციას წარმოადგენდა. ამ გამოფენისათვის დავით კაკაბაძის ნამუშევრები შეირჩა ისეთ მხატვრებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: პაბლო პიკასო, ჟორჟ ბრაკი, ჟან (ჰანს) არპი, მაქს ერნსტი, ჯორჯო დე კირიკო, დავიდ ბურლიუკი, ვასილი კანდისკი, ხუან გრისი, ხუან მირო, პიტ მონდრიანი, პაულ კლე და სხვები.
შემდგომში ეს ნამუშევრები იელის უნივერსიტეტთან არსებულ გალერეაში მოხვდა და დღესაც იქ ინახება. ამ გალერეის 1950 წელს გამოცემულ კატალოგში დავით კაკაბაძეს შესახებ ვკითხულობთ: ის იყო ერთი ყველაზე საინტერესო ყველა თანამედროვე მხატვართა და მოქანდაკეთა შორის…
1927 წელს პარიზიდან სამშობლოში დაბრუნებულ მხატვარს კომუნისტური რეჟიმი ხვდება. საბჭოთა საქართველოსთვის მოდერნისტული მხატვრული აზროვნება მიუღებელი აღმოჩნდა. ცხადია მხატვარი ვეღარ მონაწილეობს დასავლეთის არტ პროცესში. სამშობლოში კი უპირატესად თეატრსა და კინოს მხატვრობაში აგრძელებს მოღვაწეობას, აფორმებს აღლუმებს,იღებს დოკუმენტურ ფილმს ქართული კულტურის სიძველეებზე…
ცხოვრების ბოლო პერიოდში მხატვარი უარყოფილი და უმუშევარია. ცნობილია მისი წერილი სტალინისადმი, სადაც თხოულობს სკოლის მასწავლებლის ადგილს, მას შეუძლია ასწავლოს არა მარტო ხატვა და ხელოვნება , არამედ ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, რუსული, ფრანგული… წერილი რეაგირების გარეშე დარჩა.
დავით კაკაბაძე 1952 წელს გარდაიცვალა.
დავით კაკაბაძის მნიშვნელოვანი ნამუშევრები საქართველოსთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია დაცული: ლისაბონის ბერარდოს მუზეუმის კოლექციაში; მადრიდის ტისენის მუზეუმში; ამერიკის შეერთებულ შტატებში, იელის უნივერსიტეტთან არსებულ გალერეაში.
ამრიგად, დავით კაკაბაძე ერთდროულად ხელოვანიც იყო და მეცნიერიც. როგორც აღინიშნა მისთვის ხელოვნება თავად იყო მეცნიერება. ასე, მეცნიერული მიდგომით, თანამიმდევრული ანალიზის საფუძველზე იქმნება მისი ორიგინალური მხატვრეული მემკვიდრეობა, სადაც ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი საწყისი თანაბარი ძალით იჩენს თავს და ჰარმონიულ ფორმაში ერთიანდება..
სხვა ავტორები
ეკა გელოვანმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერ-პედაგოგის კვალიფიკაციით. ეკა გელოვანი მიეკუთვნება მხატვართა იმ რიცხვს, რომელთათვისაც ფერით წერა საუკეთესო საშუალებაა ადამიანებთან, თანამედროვეობასთან ურთიერთობისათვის. სწორედ ამ პროცესში აფიქსირებს იგი სიახლის დაბადებას. მხატვრის აღნიშნულ კონცეფციას ადასტურებს თუნდაც ის, რომ პერსონალურზე მეტად უპირატესობას ანიჭებს თემატურ, ჯგუფურ…
ლია ბაგრატიონი – თანამედროვე ქართველი მხატვარი. IAC-ის (კერამიკის საერთაშორისო აკადემიის) წევრი ჟენევაში, შვეიცარია. ქართული კერამიკული ხელოვნების ფონდის თანადამფუძნებელი, კერამიკის ოფისი თბილისში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი. მისი ძირითადი სამუშაო მასალა თიხაა და მას დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ამ ტრადიციული მასალის პოპულარიზაციაში. ექსპერიმენტირება…
თემო ჯაფარიძის შემოქმედება მრავალშრიანია. იგი ფერწერული ნამუშევრების გარდა, ესეებს, პროზაულსა და პოეტურ ნაწარმოებებსაც ქმნიდა. მხატვრის პირველი გამოფენა 1964 წელს თსუ-ის სააქტო დარბაზში შედგა და ოფიციოზმა ის „ფორმალიზმსა და ბურჟუაზიულ ხელოვნებასთან” გააიგივა. საბჭოეთში მისი ხელოვნება ნონკონფორმისტულად მიიჩნიეს. ქართულ სახვით ხელოვნებაში თემო ჯაფარიძის მიერ ნახატი-ობიექტების, ასამბლაჟების, სივრცობრივი…