თემურ იაკობაშვილი (Aharon Yakobson) ფერწერას ჯერ შალვა მატუაშვილის სახელოსნოში, შემდეგ კი ჯიბსონ ხუნდაძესთან ეუფლებოდა. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1985 წლიდან იყო თბილისში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა ქართველ მხატვართა ჯგუფ „X სართულის“ წევრი და ერთ- ერთი სულისჩამდგმელი. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოში, გერმანიაში, შვეიცარიასა და იტალიაში. თემურ იაკობაშვილი ბიბლიური და ებრაული თემატიკით დაინტერესდა, შექმნა მრავალი სურათი ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებზე. 1992 წელს, მოსკოვში ქართველი მხატვრების გამოფენაზე, წარმოდგენილი იყო თემურ იაკობაშვილის სურათი „მოსე“, იმავე წელს მოსკოვში, გამოფენაზე – „ებრაელი მხატვრები ბავშვებისთვის“, ექსპონირებული იყო მისი 4 ნამუშევარი ციკლიდან „იერუსალიმი – ჩემი სიყვარული“, სადაც მისი ნამუშევრები მარკ შაგალის, ფალკისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად იყო წარმოდგენილი. ერთი ნამუშევარი „გამოსვლა“ აშშ-ის გენერალურმა მდივანმა ჰენრი კისინჯერმა შეიძინა. 1993 წელს თემურ იაკობაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, იმავე წელს ისრაელის მხატვართა კავშირში მიიღეს და უკვე იქ განაგრძო აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა. 2006 წელს თბილისში ისრაელის დამოუკიდებლობის 58-ე წელთან დაკავშირებით მოეწყო გამოფენა „ებრაული თემატიკა ქართველი მხატვრების შემოქმედებაში“, სადაც წარმოდგენილი იყო თემურ იაკობაშვილის ნამუშევრებიც.
