კაკო თოფურიას პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსის, ცოდნა გამდიდრებულია ტრადიციული ქართული მონუმენტური ფერწერის, ქანდაკების პლასტიკის, ჭედურობის, მინანქრისა და კერამიკის დარგების ცოდნითაც. ქართულ ემოციურ რეალიზმსა და ამ რეალობის სუბიექტურ მიდგომაზე დაფუძნებული მხატვრის ფერწერული კულტურა დამოუკიდებელი, საუცხოო სტილით ვლინდება და ლიტერატურული ქვეტექსტით პრიმიტივიზმს, „ინფანტილიზმსა“ და იუმორსაც შეიცავს. იგი ორგანზომილებიან სივრცეს გვთავაზობს, სადაც სტატიკაა გამეფებული და მხოლოდ ჭრელი, ფერადოვანი შეგრძნებებია თანაბარუფლებიანი, რომლებიც იერარქიის მიღმა არსებობს. სხვა დანარჩენი ოპტიკური ილუზიაა. მშვიდ, ნეიტრალურ ფონზე დაკვირვებისას აღმოვაჩენთ, რომ მას გააჩნია ფორმა და ლოკალიზაცია, რომლებიც გადაზრდილია ფერადოვან პორტრეტებსა და ფიგურატიულ კომპოზიციებში. მხატვარი დიდი ხანი ცხოვრობდა საფრანგეთში. „კაკო თოფურიას უკლებლივ ყველა ნამუშევარს სამკაულივით ამშვენებს ავტორისეული ხელმოწერა ქართული ასოებით – „კაკო“ როგორც უცხოური, საკუთარი წერის სისტემის ერთგვარი ეტიმოლოგიური გზავნილი, ერთგვარი ინფორმაცია ისტორიული მეხსიერებიდან, რომელიც გარკვეულ კულტურულ დისტანციაზე აღიქმება როგორც ორნამენტი და ყველა შესაძლო ინტერპრეტაციით აცდუნებს მაყურებლის წარმოსახვას ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობი პატარა ქვეყნის კულტურულ სამყაროზე შავიზღვის- პირეთიდან“ (ალექსანდრა გაბუნია. Lisette Alibert-ის გალერეა. პარიზი. 2008).
