გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. როგორც არტისტი, გივი თოიძე ჩამოყალიბდა თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის სახელოსნოში. გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი, პორტრეტი, ჟანრული სურათები, მრავალფიგურიანი კომპოზიციები და მონუმენტური მხატვრობა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ინტენსიური კოლორიტითა და მაჟორული გამით. ის იყენებს სხვადასხვა სამხატვრო ტექნიკას – ზეთი, ტემპერა, გუაში, აკრილი, პასტელი, ტუში, სანგინი და სხვა. მრავალმხრივი შემოქმედი გივი თოიძე თბილისისა და საქართველოს ისტორიის ერთგვარი მემატიანეცაა, რადგან მის ფერწერულ ტილოებსა თუ გრაფიკულ ნამუშევრებში ასახული მრავალი ხედი, სამწუხაროდ, დღეს უკვე აღარ არსებობს. გივი თოიძეს მინიჭებული აქვს სახალხო მხატვრის წოდება, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია ფრესკისთვის „დღესასწაული ხევსურეთში”, დავით კაკაბაძის სახელობის პრემია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მინიჭებული აქვს კულტურის რაინდის წოდება. გივი თოიძის ნამუშევრები დაცულია: ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეაში (გერმანია), ასევე მრავალ სხვა ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი და სხვ.), ასევე ინახება არაერთ კერძო კოლექციაშიც.
სხვა ავტორები
თემურ იაკობაშვილი (Aharon Yakobson) ფერწერას ჯერ შალვა მატუაშვილის სახელოსნოში, შემდეგ კი ჯიბსონ ხუნდაძესთან ეუფლებოდა. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1985 წლიდან იყო თბილისში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა ქართველ მხატვართა ჯგუფ „X სართულის“ წევრი და ერთ- ერთი სულისჩამდგმელი. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოში, გერმანიაში, შვეიცარიასა და იტალიაში.…
ფარნაოზ (ფარნა) ლაპიაშვილი XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიისა და კინომხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელსაც გაფორმებული აქვს ასზე მეტი სპექტაკლი და შექმნილი აქვს მხატვრობა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორებიცაა ვახტანგ ტაბლიაშვილის „ქეთო და კოტე“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1948 წელს), სერგო ჭელიძის „ცისკარა“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1955 წელს), მიხეილ…
მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი გიორგი (უფრო ცნობილი როგორც გიგი) კეშელავა ცხოვრობდა 1932 – 1993 წლებში თბილისში. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზა დაიწყო მაშინდელ პიონერთა და მოსწავლეთა, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სადაც ფერწერასა და ხატვას გრიგოლ მესხის ხელძღვანელობით ეუფლებოდა. 1952 წელს გიგი კეშელავამ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო…