ნინო ზაალიშვილის შემოქმედებითი სფერო დაზგური და წიგნის გრაფიკაა. ქმნიდა ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს. თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე (1970) მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიაში (1970-1972), 1972 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე. 1976 წელს დაამთავრა პეტერბურგის რეპინის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. სტაჟირება გაიარა ტელევიზიის საკავშირო ინსტიტუტსა (მოსკოვი. 1976) და სახელმწიფო ერმიტაჟში (ლენინგრადი. 1973). ნინო ზაალიშვილს შექმნილი აქვს ფერწერული და დაზგური გრაფიკული ნამუშევრები, გააფორმა ათეულობით წიგნი და პლაკატი. აქვს თეორიული ნაშრომები. 2000 წელს გამოსცა ცნობარი „ვინ ვინაა“ – თანამედროვე ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიოგრაფიული ლექსიკონი. ავტორ-შემდგენელია წიგნებისა: „აპოლონ ქუთათელაძე. 1899-1972“ (2014) და „საქართველოს რუსი მხატვრები. XX საუკუნე“ (2007). სწავლობდა შექსპირის ნაწარმოებთა ილუსტრირების ისტორიას, იყო ავტორი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტისა „ქართული სახვითი შექსპირიანა“ (2003). დიდია მისი წვლილი ქართული ექსლიბრისის განვითარებისა და შესწავლის საქმეში. მისი ინიციატივით 2001 წელს მოეწყო ქართული ექსლიბრისის გამოფენა. 2001 წელსვე გამოსცა კატალოგი „37 ქართველი მხატვრის ექსლიბრისი“. ავტორია 2013 წელს გამოცემული საბავშვო წიგნისა „ანამარია ჭიამაიას ჭრელ-ჭრელი ამბები“. 1972 წლიდან მონაწილეობდა ადგილობრივ და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში. მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა 2013 წელს. მიღებული აქვს ღირსების მედალი (1998).
სხვა ავტორები
ნატალია ფალავანდიშვილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია. მან 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა იოსებ შარლემანისა და ლადო გრიგოლიას ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა წიგნის ილუსტრირების სფეროში, ქმნიდა ილუსტრაციებს საბავშვო ჟურნალებისათვის, ასევე ხატავდა პეიზაჟებს, მუშაობდა აკვარელითა და გუაშითაც. მისი შემოქმედება , ძირითადად,…
იური ბერიშვილი 80-იანელთა თაობის მხატვარია. მისი ნაირფერი აბსტრაქციები ყოველთვის საცნობია, საცნობია თავისი ემოციური გამომსახველობით, მეტაფიზიკურად შეგრძნობილი სამყაროს სურათით. მხატვარი ხატავს ჟღერადი „სუფთა“ ფერებით. კომპოზიციები ლოკალური სიბრტყეებისა და თითქოს სპონტანურად მიმოფანტული წერტილ-ლაქების ათასგვარი კომბინაციით იქმნება. სპონტანურობა, ამავდროულად, გაწონასწორებულ, ჰარმონიულ მთლიანობაში ეწერება. ფორმატი განსხვავებულია… ყველაზე მცირე ზომის…
გივი ვაშაკიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა ე. წ. 60-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ის აკადემიის დამთავრებისთანავე მონაწილეობდა ადგილობრივსა და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურსა თუ ჯგუფურ გამოფენებში (მოსკოვი, მიუნხენი, ბერლინი, ტიროლი, ბაქო, რიგა). გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის გამო, მისი შემოქმედება მუდამ იქცევდა დამთვალიერებლის ყურადღებას, იმსახურებდა ადგილობრივი თუ უცხოური პრესის მაღალ…