Skip to content Skip to footer

გერშოვი სოლომონ

აფრინდი ცაში და გადმოსძახე მსოფლიოს მის არასრულყოფილებაზე… – ასე ხედავდა ხელოვანის მისიას სოლომონ გერშოვი (1906, დვინსკი, დღევანდელი დაუგავპილსი, ლატვია -1989, ლენინგრადი, დღევანდელი პეტერბურგი, რუსეთი), ებრაული წარმოშობის მხატვარი, გრაფიკოსი, რუსული ავანგარდის წარმომადგენელი.
სოლომონ გერშოვის შემოქმედებითი გზა რთულია და არაერთგვაროვანი. მისი მხატვრად ჩამოყალიბება ქალაქ ვიტებსკსა და იმ ცნობილ სამხატვრო გარემოს უკავშირდება, რომელიც ამ ქალაქში შექმნეს ჯერ იეჰუდა პენმა, შემდეგ კი – მარკ შაგალმა და კაზიმირ მალევიჩმა. გერშოვი მათი მოსწავლეა, მხატვრული მისწრაფებით უფრო შაგალის ხაზის მიმღებია, ნაკლებად იტაცებს მოდერნიზმის რადიკალური ფორმალისტური ძიებები.
1922 წელს იგი პეტროგრადში გადავიდა და ისევ გამორჩეულ სამხატვრო გარემოში მოხვდა. აქ მისი პედაგოგი იყო ალფრედ ებერლინგი, ურთიერთობდა მხატვარ პაველ ფილონოვის წრესთან…
მოგვიანებით ნიჭიერ ახალგაზრდა შემოქმედს პირადად შეეხო საბჭოეთის იდეოლოგიური წნეხი. იყო ორი გადასახლება – ჯერ სამი და შემდეგ კი- რვა წლით. რეპრესიების შედეგად მხატვრის ამ პერიოდის შემოქმედება, ფაქტობრივად, სრულად განადგურდა.
მეორე გადასახლებიდან იგი 1956 წელს დაბრუნდა, ოფიციალური რეაბილიტაციის შემდეგ კი ახალი ენერგიით გააგრძელა შემოქმედებითი საქმიანობა. ბევრს მუშაობდა, მისი ნამუშევრები კი ხშირად და წარმატებით იფინებოდა, ოღონდ, მეტწილად უცხოეთში. სამშობლოში ჯერ კიდევ მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ. მის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს ცხოვრებისეული ტრაგიზმის განცდა, ებრაელი ხალხის გასაჭირი, კომუნისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა ტკივილი…. ხშირად ხატავდა განშორებას, დაკრძალვას, ბიბლიურ სიუჟეტებს.
სოლომონ გერშოვის ნამუშევრების გამოფენები მოეწყო მოსკოვში, ლენინგრადში, ვიტებსკში, ლონდონში, პარიზში, ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ქალაქში…
60-იან წლებში მხატვარი გარკვეული პერიოდი თბილისშიც ცხოვრობდა, სადაც მისი სურათების გამოფენები ეწყობოდა. სწორედ ამის წყალობით თბილისში მისი არცთუ უმნიშვნელო მემკვიდრეობა დაგროვდა.

სოლომონ გერშოვი
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1906-1989Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.