Skip to content Skip to footer

გაბაშვილი გიგო

გიორგი (გიგო) გაბაშვილი – ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1929), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კ. კემპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფრანც რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისთვის ქმნიდა სურათებს.
1886-1888 წლებში სწავლა გააგრძელა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ბ. ვილევალდეს კლასში.
იგი პირველი ქართველი მხატვარია, რომლის პერსონალური გამოფენა შედგა თბილისში 1891 წელს დიდების ტაძრის შენობაში (ამჟამად ეროვნული გალერეა). იმდროინდელმა პრესამ ერთხმად აღიარა მხატვრის ნიჭი. 1891 წელს ამერიკელი მილიონერი ჩარლზ კრენი კავკასიაში მოგზაურობისას გაეცნო თბილისელ მხატვართა შემოქმედებას და გიგო გაბაშვილს შეუკვეთა მხატვრობა კავკასიისა და შუა აზიის თემებზე. ამ მიზნით, 1893-1894 წლებში მხატვარმა კავკასიასა და შუა აზიაში იმოგზაურა, და შექმნა ცნობილი სერია სამარყანდის თემაზე.
1894-1897 წლებში გიგო გაბაშვილი, უკვე შემდგარი პროფესიონალი მხატვარი, მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს სწავლას პროფესორ ა. ვაგნერის კლასში.
1897 წელს მან თბილისში დააარსა კერძო სამხატვრო სტუდია. 1901 წლიდან ხელმძღვანელობდა კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების ხატვის სკოლას. 1922 წელს ის იყო სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922-1930).
მე-19 საუკუნის დასავლურ რეალისტურ ფერწერულ სკოლას ნაზიარები გიგო გაბაშვილი ობიექტურად ითვლება ქართული რეალისტური აკადემიური სკოლის ფუძემდებლად. ამავდროულად, მხატვრის შემოქმედებაში არის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტოები, რომლებიც ხელოვანის თანამედროვე ევროპული მხატვრობით, კერძოდ, სიმბოლიზმით გატაცებას ადასტურებს. მისი მემკვიდრეობის ეს ნაწილი მხოლოდ ბოლო დროს გახდა ცნობილი და საკვლევია.
მხატვრის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი მისი ანდერძის თანახმად დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

გიგო გაბაშვილი
დაბადება/გარდაცვალება1862-1936Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.