Skip to content Skip to footer

ბერძენიშვილი მერაბ

მოქანდაკე, გრაფიკოსი და ფერმწერი; ქართულ მონუმენტურ ქანდაკებაში, XX საუკუნის 50-იან წლებში დაწყებული ეროვნულ-პარტიოტული მიმართულების ერთ-ერთი შემოქმედი. იტალიური რენესანსისა და მანერიზმის ესთეტიკაზე დაფუძნებული მისი ძლიერი,  გმირული ხასიათის პლასტიკა, რომელშიც გამოჩენილი ქართველი მეფეებისა და მითოლოგიური პერსონაჟების ხატებია ასახული, ასევე –   საქართველოს ისტორიის გარდამტეხი  მოვლენებისადმი მიძღვნილი მემორიალები, ცალკე ეტაპს ქმნის ქართული ქანდაკების ისტორიაში – ყოველივე ამან,  მოქანდაკეს მის სიცოცხლეშივე  მოუტანა სახალხო აღიარება.

მერაბ ბერძენიშვილს მიღებული აქვს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხელოვნების სფეროში დაწესებული ყველა უმაღლესი წოდება და ჯილდო:  ის იყო საბჭოთა საქართველოს დამსახურებული  (1956) და სახალხო მხატვარი (1978),   საბჭთა კავშირის სახალხო მხატვარი (1987); მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო: 1975 წელს – რუსთაველის სახელმწიფო პრემია, 2001 წელს – ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი და 2014 წელს – ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული  „ხელოვნების ქურუმის“ წოდება .

მოქანდაკე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას  თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ეკავა პროფესორის პოზიცია;  იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპინდენტი.

მერაბ ბერძენიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, პროფესორ ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით. სადიპლომო ნამუშევარი – თაბაშირში ჩამოსხმული „რუსთაველი“ (1956) დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელში დგას. ბრიჯაოში ჩამოსხმული იგივე ძეგლი მოსკოვში აღმართეს 1966 წელს.

მერაბ ბერძენიშვილი მონაწილეობას იღებდა ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტის შესარჩევ კონკურსში 1958 წელს, რომელშიც  მიიღო მეორე პრემია. (პირველი პრემია ელგუჯა ამაშუკელის პროექტს ერგო).

1968 წელს, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსისთვის მან გააკეთა  მედეას ძეგლი (ბრინჯაო). მის მიერ შექმნილი გიორგი სააკაძის ბრინჯაოს ცხენოსანი ქანდაკება  საქართველოს ორ ქალაქში –  კასპსა (1971 წელი)  და თბილისში (1985 წელი) დგას. 1975 წელს, მერაბ ბერძენიშვილის შექმნილი ლაოსის მეფის მონუმენტი ქვეყნის დედაქალაქ ვიენტიანში აღმართეს.

მისი გაკეთებულია სიმბოლური შინაარსის ცნობილი ქანდაკება მარნეულში, სახელწოდებით „კიდევაც დაიზრდებიან“  (ბრინჯაო, 1975), რომლისთვისაც სახელმწიფო პრემია მიანიჭა. 1995 წელს, დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული კომპლექსის შექმნისთვის, ბერძენიშვილი, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად, კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბერძენიშვილის საქალაქო ქანდაკებები: „მუზა“ (ბრინჯაო, 1971), დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965), დავით აღმაშენებელი (ბრინჯაო, 1996) თბილისის ღირსშესანიშნაობებებს წარმოადგენს. 

მონუმენტური ქანდაკების ფორმატის გარდა, მერაბ ბერძენიშვილი ბევრს მუშაობდა პორტრეტულ ქანდაკებაში, წიგნის გრაფიკისა და პლაკატის ჟანრში.

მერაბ ბერძენიშვილი
დაბადების წელი1929გარდაცვალების წელი2016AuthorAuthor nameShare

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.