Skip to content Skip to footer

ბელეცკაია ვერა

ვერა ბელეცკაია – წარმოშობით რუსი გრაფიკოსი, სსრ-ის დამსახურებული მხატვარი  1914 წელს დაიბადა თბილისში.  იგი 1931-1937 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვ. სიდამონ-ერისთავისა და ი. შარლემანის ხელმძღვანელობით. მისი შემოქმედების  ძირითადი მიმართულებები იყო ილუსტრაცია და პეიზაჟები.

ვ. ბელეცკაია მუშაობდა    გუაშით,  ტემპერითა და    აკვარელით.    აღსანიშნავია, მისი ფერადი ლინოგრავიურები   და დაზგური გრაფიკის ჟანრში შექმნილი პეიზაჟების სერიები, რომელთა ძირითადი თემა იყო საქართველოს ბუნება და ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები, მაგ., სურათები:    სვანეთი, ძველი თბილისი, დაღესტანი,    ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლები. ამ სერიაში გვხვდება როგორც პანორამული პეიზაჟები, ასევე ბუნების იდუმალი კუთხეების ლირიკული ჩანახატები.  მათი შექმნა უკავშირდება   უძველესი საბჭოთა გრავიორის – ი.პავლოვის   მიერ ჩატარებული ლექციების კურსს გრავირების ხელოვნების შესახებ. საერთოდ, ამ კურსებმა დადებითი გავლენა იქონია  საქართველოში გრაფიკის განვითარებაზე. ვ. ბელეცკაიამ ი. პავლოვისვე ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა გრავიურების ალბომზე –  ძველი და ახალი თბილისი.  ალბომის შექმნაში   ვ. ბელეცკაიასთან ერთად მონაწილეობდა   ნ.ჩერნიშკოვი,  მ. ბერძენიშვილი და არქიტექტორი ვ. ცინცაძე.   

1960 წლებში ვ.  ბელეცკაია ელენე ახვლედინის მიერ მოწყობილი საექსპედიციო ჯგუფის მონაწილეა  და  ამ შემოქმედებით გაერთიანებასთან  ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა. მხატვარმა ექსპედიციის მიმდინარეობისას შექმნა  პეიზაჟების სერიები,  რომლებიც მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია. ექსპედიციის მონაწილეები ინდივიდუალურად უდგებოდნენ ბუნების აღქმასა და გამოსახვას, რამაც გაამრავალფეროვნა 1950-60-იანი წლების ქართული პეიზაჟური ჟანრი და გააძლიერა მისი ემოციური და პლასტიკური გამომსახველობა.

1955 წელს სერიის- დაღესტანი შექმნისას ვ.  ბელეცკაიამ მისთვის  ჩვეულ გუაშსა და აკვარელთან ერთად გამოიყენა ნახშირიც. სერია ეძღვნება ბუნებას, ყოველდღიურობასა და დაღესტნის არქიტექტურას (მაგ., გოგონა დოქით, დედა აკვანთან, კერამიკის სახელოსნოში).  ბაკურიანისადმი მიძღვნილი  მისი ლინოგრავიურები (1957 წ.) კი გამოირჩევა რბილი ტონებით, ხოლო კომპოზიციები: მეცხვარე, ჩიტების მომვლელი და ცხვრების პარსვა (1965წ.) შესრულებულია ენერგიული და დეკორატიული მანერით. 

ლინოგრავიურების სერია თბილისი (1962 წ.) გამოირჩევა ენერგიულობით, იმპულსურობითა და დეკორატიულობით. მხატვარი მუშაობს ხან მკვეთრი, ხან რბილი შტრიხებით და იყენებს არა მხოლოდ ხაზს, არამედ ტონალური და მხატვრული ლინოგრავიურის შესაძლებლობებს.

ვ. ბელეცკაია ქმნიდა საბავშვო წიგნის ილუსტრაციებსაც. გაფორმებული აქვს ჰ.კ ანდერსენის (1956 წ.), ნ. ნაკაშიძის (1959 წ.), რუმინული (1956 წ.) და იუგოსლავიური (1960 წ.) ზღაპრების კრებულები.

ვ. ბელეცკაიას მიერ შექმნილი ყველა ნამუშევარი ინახება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

ვერა ბელეცკაია
დაბადების თარიღი1914გარდაცვალების თარიღი1974Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.