Skip to content Skip to footer

ბალანჩივაძე ჯარჯი

ცნობილი ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი და მხატვარი. დაიბადა 1941 წლის 21 აგვისტოს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ანდრია ბალანჩივაძის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, სადაც მისი პედაგოგები ცნობილი მუსიკოსები ლევ ობორინი და მარია იუდინა იყვნენ. ადრეული ბავშვობიდანვე ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, ერთი მხრივ როგორც სოლო შემსრულებელი, ასევე მის მიერ ჩამოყალიბებულ, კამერულ ორკესტრ “ორფეოსთან” ერთად. ამ ორკესტრს შემდგომ ანდრია ბალანჩივაძის სახელი ეწოდა. ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ცნობილ გერმანელ მეცენატთან, შემოქმედებით- თერაპიულ ცენტრ  “მელხიორსგრუნდის” დამფუძნებელ ვოლფგანგ ფრიკესთან. ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებდა საქართველოსთან დაძმობილებულ ქალაქ რადეფორმვალდეს წარმომადგენელ, იმპრესარიო როის ჰაინცთან. ამ ქალაქში საგასტროლო მოგზაურობისას ჯარჯი ბალანჩივაძეს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. გერმანიაშივე დაარსდა ჯარჯი ბალანჩივაძის ხელოვნების ხელშემწყობი მეგობართა” წრე – “ორფეოს გეორგია”, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა მისი კონცერტებსა და გამოფენებს ჩატარებას ევროპის სხადასხვა ქვეყნებში.

ჯარჯი ბალანჩივაძეს სახელს მრავალი კონცერტი და გამოფენა უკავშირდება, როგორც საქართველოში, ასევე უნგრეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში. მისი 400 მდე ნამუშევარი დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კოლექციონერთა კერძო კოლექციებში. გერმანელმა ხელოვნებათმცოდნე კარლ ჰაინც დენეკემ, მის თვითმყოფად, მკვეთრად გამორჩეულ მხატვრულ სტილს “პერსონალური მითოლოგია” უწოდა. ჯარჯი ბალანჩივაძის მხატვრობამ, განსაკუთრებული როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის “სოციალური რეალიზმის” დასრულების პერიოდში, როცა მისი ნამუშევრები ქართველი მაყურებლის წინაშე გამოჩნდა. მისი ცხოვრების და შემოქმედების დიდი ნაწილი უკავშირდება ასევე სასცენო დადგემებს. მან ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა “სინთეტიკურ თეატრს”, სადაც გააერთიანა ხელოვნების სხვადასხვა დარგები და სადაც წამყვანი როლი მუსიკას ეჭირა. მის სახელს უკავშირდება “კარგად განტემპერირებული კლავირის” შექმნა, ინსტრუმენტისა, რომელმაც საშუალება მისცა ძველი ტემპერაციისგან სრულიად განსხვავებული, უნიკალური ჟღერადობის ნაწარმოებები დაეწერა. ისევე, როგორც პიანიზმის, სასცენო მოძრაობა- ქორეოგრაფიის, რეჩიტატივის, საკომპოზიტორო და სავოკალო დარგებთან მიმართებაში, ჯარჯი ბალანჩივაძემ ფერზე მუშაობაშიც ახალი მეთოდები და მიდგომები გამოიყენა. მისმა თავისუფალმა სტილმა, ფერადოვნებამ, სიმსუბუქემ, მხატვრულ შემოქმედებაზე ნოვატორულმა შეხედულებებმა, არაერთ ქართველ მხატვარზე იქონია გავლენა, როგორც მის სიცოცხლეში, ასევე მერე.

ჯარჯი ბალანჩივაძე
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1941-2011Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.