მამია ახობაძე XX საუკუნის 60-იანელ მხატვართა თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, აქტიური ფიგურა როგორც სამხატვრო, ისე სახელოვნებათმცოდნეო სფეროში. იგი ბავშვობიდანვე ემზადებოდა ხელოვნების სამსახურში ჩასადგომად. ამისთვის, თავდაპირველად, ხატვა სამტრედიის რ-ნის სოფ. მელაურის სკოლის ხატვის წრეში შეისწავლა. მოგვიანებით (1954 წ.) კი წარჩინებით დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, შემდეგ (1960 წ.) – თბილისის სამხატვრო აკადემია. სტუდენტობის წლებში იგი ჯერ რეპინის, შემდეგ კი სტალინის სახელობის სტიპენდიატი გახდა. აკადემიაში მომავალი მხატვარი შესანიშნავ პედაგოგებთან – სერგო ქობულაძესთან, აპოლონ ქუთათელაძესთან, ვასილ შუხაევთან, ვალენტინ შერპილოვსა და სხვებთან დაეუფლა სახვითი ხელოვნების საფუძვლებს.
სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მამია ახობაძის შემოქმედება პირობითად რამდენიმე პერიოდად იყოფა. პირველი – 1960-1975 წლები ერთგვარი მოგზაურობაა, რომელიც მხატვარს საკუთარი შემოქმედებითი მე-ს პოვნაში დაეხმარა. ამ დროს დავით კაკაბაძისა (1889-1952) და 50-იანელ მხატვართა გავლენით მისი ძირითადი ინტერესი პეიზაჟებია.
მეორე პერიოდი 1975-1985 წლებია. მისი დაწყება უკავშირდება მ. ახობაძის მონაწილეობას გამოფენაში – დიდება შრომას, რამაც საფუძველი დაუდო მხატვრის მიერ ინდუსტრიულსა და სამეურნეო თემატიკაზე შექმნილი პეიზაჟების სერიას. შემოქმედების მომდევნო პერიოდში – 1985-1992 წლებში მამია ახობაძე უბრუნდება მშობლიური იმერეთის პეიზაჟების ასახვას, რის გამო, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიდა იმერეთის პეიზაჟების დავით კაკაბაძისეულ იკონოგრაფიას.
მ. ახობაძის შემოქმედების ერთ-ერთი მოკლე მეოთხე პერიოდია – 1989-1994 წლებში ქვეყნის მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამო მხატვარი ერთგვარად ივიწყებს ფერს, აღარ კონცენტრირდება ესთეტიკაზე და ნამუშევრებიც თითქმის აქრომატული ხდება. 1995-2000 წლებში კი – მხატვრის შემოქმედების მეხუთე პერიოდში მის პეიზაჟებში ჭარბობს დეკორატიულობა, რაც მისი შემოქმედების ბოლო ეტაპის დამახასიათებელი თვისებაა.
მამია ახობაძემ ხანგრძლივი და აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში შექმნა ნამუშევართა ფართო სპექტრი. მისი პეიზაჟებისა და სხვა ჟანრის ნახატთა საუკეთესო ნაწილი დაცულია სხვადასხვა მუზეუმებისა და კერძო კოლექციებში.