Skip to content Skip to footer

ახალკაციშვილი ტატო

ტატო ახალკაციშვილი ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად ქმნის ინსტალაციებს, ობიექტებს, კოლაჟებსა და ვიდეოარტს. იგი ქართველი მხატვრების იმ თაობას ეკუთვნის, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნო დამთვალიერებელმა. 2004 წელს შექმნილი „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს“ წარმომადგენელ ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფი თავისი დროის მძიმე სოციალურ-კულტურული თემების გააზრებით დაკავდა და სხვადასხვა პროექტით შეეხო კოლექტიური მეხსიერების პრობლემასაც.ამ ჯგუფის წევრი იყო ტატოც, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად სწავლობდა თანამედროვე მხატვრობის განმსაზღვრელ ტენდენციებს და მუშაობდა „ახალი ფიგურატიულობის“ ქართულ ვერსიაზე. მოგვიანებით მის ნამუშევრებში გაჩნდა მულტიმედიური ინსტალაციის ფორმატი ობიექტებით, ვიდეო ნამუშევრებით, კოლაჟებით, ფერწერულ კომპოზიციებში ჩართული ფოტოფრაგმენტებით. ტატო ახალკაციშვილი სამხატვრო კარიერის დასაწყისშივე იაზრებდა პეიზაჟს, როგორც თავისი მხატვრობის ცენტრალურ ნაწილს. ენიგმატური პეიზაჟი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტექნოლოგიური და კონცეპტუალური ექსპერიმენტის ფონზე ვითარდებოდა. მისი მხატვრობა გამორჩეულია მხატვრული ხარისხით, რომლითაც საერთაშორისო აღიარების მქონე ხელოვნება ხასიათდება და ის საქართველოში მიმდინარე სახელოვნებო პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრების გამაერთიანებელი საბაზისო მხატვრული ხედვა ექსცენტრული და მგრძნობიარეა, წარმოსახვა – ფართო და მრავალფეროვანი. ის არის მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე საქართველოსა და უცხოეთში, სოლო გამოფენები კი ყოველთვის გამოირჩევა ექსპოზიციის სიზუსტით, კონცეპტუალური სიმყარითა და შთამბეჭდავი ვიზუალური მეტყველებით.

ტატო ახალკაციშვილი
დაბადების წელი1979Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.