ია არსენიშვილმა 1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1996 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1992 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა ანიმატორად საქართველოს ეროვნულ კინოსტუდიაში. 1999 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. იგი მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბატიკის ხელოვნების განვითარებაში.
მონაწილეობდა ორმოცდაათამდე საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (კიოლნი, ლუქსემბურგი, ერევანი, სტამბოლი, კაბადოკია, სანკტ-პეტებურგი, მონ-პელიე, პარიზი, მალტა, ამსტერდამი, ბაზელი, ბერლინი, დუბაი, ათენი, ალმა-ატი, მადრიდი, ლონდონი, ნიუ-იორკი) და სხვა. 2021 წელს მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო გამოფენაზე 1: „ქართველი ქალი მხატვრები ბერლინში“.
ავტორის ნამუშევრები შესულია საერთაშორისო გამოფენების კატალოგებში. სისტემატიურად მონაწილეობს მსოფლიო საერთაშორისო სიმპოზიუმებში, ბიენალეებში, პლენერებსა და რეზიდენციებში.
ია არსენიშვილის ნამუშევრები დაცულია, ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში და ხელოვნების სასახლეში, ასევე – კერძო კოლექციებში.











