Skip to content Skip to footer
თამარ აბაკელია
დაბადების წელი1905გარდაცვალების წელი1953Share

აბაკელია თამარ

მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი. პირველი ქალი მონუმენტალისტი საქართველოში. აბაკელია თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეიადის წარმომადგენელია. სწავლა 1929 წელს დაასრულა. იყო ნიკო ნიკოლაძის, ნიკოლოზ კანდელაკის, იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მოწაფე. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროინდელი ნამუშევრებით მიიპყრო მოსე თოიძისა და კოტე მარჯანიშვილის ყურადღება, რომელსაც ვაჟა ფშაველას „მოკვეთილისთვის“ შექმნილი საკუთარი ესკიზები ანახა.

30-იანი წლებიდან ინტენსიურად იყო ჩართული   სათეატრო საქმიანობასა და კინემატოგრაფში:  ესკიზები შექმნა „კარმენის“ საოპერო დადგმისთვის, ხოლო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გააფორმა კარლო კალაძის „ლალი“ და კლდიაშვილის „ირმის ხევი.“  იყო მხატვარი კინოფილმებისა: „არსენა“(1937), „გიორგი სააკაძე“ (1941-1942) და  „დავით გურამიშვილი“ (1945).  

თამარ აბაკელიამ უარი თქვა ფორმალისტურ ექსპერიმენტებზე და სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ იდეოლოგიური ხელოვნების სამსახურში ჩადგა. სოციალიზმის მშენებლები აბაკელიამ ქანდაკებებით უკვდავყო. აღსანიშნავია, რომ ამ ფიგურათა სოციალური შინაარსი ნაციონალური ფორმით გამოხატა, რომელსაც ამართლებდა და ახალისებდა სტალინური რეჟიმი.

XX საუკუნის ქართველ მხატვრებს შორის, მან პირველმა დაასურათა „ვეფხისტყაოსანი“(1930-იანი წლები) და ვაჟა ფშაველას პოემები (1947).

მეორე მსოფლიო ომის დაწყების პარალელურად მხატვრის შემოქმდებაში პატრიოტულმა თემატიკამ იმძლავრა. მისი განსაკუთრებული შთაგონების წყარო პარტიზანული ბრძოლა გახდა. ომის პერიოდში შექმნილი ნაწარმოებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქანდაკებაა “შურისძიება”, რომლითაც აბაკელიამ ომში შვილმოკლული დედის სახე შექმნა.

1936-37 წლები თამარ აბაკელიას შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად მიიჩნევენ.  ამ დროს შექმნა ჰორელიეფები, რომელიც მან მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფიალიალის (ახლანდელი იმელის შენობა) ფრონტონის ფრიზისათვის შეასრულა. საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეების აზრით ამ ნაშრომით თამარ აბაკელიამ ერთ-ერთმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში რელიეფური ქანდაკების ტრადიციების აღორძინებას.

წყარო: https://feminism-boell.org/ka

თამარ აბაკელია. რელიეფები მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის (იმელის შენობა) ფრონტონის ფრიზისთვის.

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.