
- This event has passed.
ზურაბ გიკაშვილი პერსონალური გამოფენა
8 თებერვალი 2023 16:00 - 25 თებერვალი 2023 17:00

ეროვნულ გალერეაში ექსპონირებული ზურაბ გიკაშვილის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები უმთავრესად, ბოლო დროსაა შექმნილი, თუმცა, გამოფენა მხატვრის შემოქმედებას რეტროსპექტულადაც წარმოაჩენს. ზურაბ გიკაშვილის მხატვრობა „კადრს“ მიღმა შინაარსს ეხება. „ჩემი პეიზაჟები თუ კომპოზიციები ჩუმად ხმაურობენ,“ – უთქვამს მხატვარს. და მართლაც, მის ნაწარმოებთა გარეგნულ სისადავეში აქტიური ემოციურ-ინტელექტუალური ფიქრი იკითხება. მხატვრის ფერწერული თუ გრაფიკული ენა კლასიკურად ლაკონიური და მეტყველია. მის სურათებში უხილავად შეიგრძნობთ დასავლეთევროპული მხატვრობის აკადემიურ სკოლას. სავარაუდოდ, ეს ფაქტორი განაპირობებს, რომ ზურაბ გიკაშვილის მიერ შექმნილი თანამედროვე მხატვრული ფორმები ძნელად ასახსნელ სიმშვიდესა და კეთილშობილებასთან ზიარების განცდას ბადებენ.
ზურაბ გიკაშვილმა (დ.1961) 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ჯერ კიდევ სტუდენტობისას ის საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულ იქნა იტალიაში, ჯიბელინაში, ხმელთაშუა ზღვის აუზის ახალგაზრდა მხატვართა ატელიეში. პროექტის კოორდინატორი იტალიელი არტკრიტიკოსი აქილე ბონიტო ოლივა იყო, ატელიეს ხელმძღვანელი კი-დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიის მაშინდელი რექტორი, მხატვარი და მოქანდაკე მარკუს ლუპერცი. შემოქმედებითი თანამშრომლობის შედეგად ჯიბელინაში ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენაც გაიმართა. მას შემდეგ ზურაბ გიკაშვილის საგამოფენო ისტორია აქტიურია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. აღსანიშნია მხატვრის მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში: რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში… ზურაბ გიკაშვილის 2 პერსონალური გამოფენა შედგა საზღვარგარეთ: 2006 წელს-Clement Gallery-ში (ვევე, შვეიცარია); 2015 წელს- Osthaus-Museum –ში (ჰაგენი, გერმანია). 2009 წელს მან სხვა მხატვრებთან ერთად საქართველო წარადგინა პრაღის ბიენალეზე. 2013 წლიდან ხელოვანი მუშაობდა და იფინებოდა ცნობილ გერმანელ მოქანდაკე ანატოლ ჰერცფელდთან ერთად.
ბოლო ხანს მხატვარი ცხოვრობს გერმანიასა და საქართველოში.