Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

უჩა ჯაფარიძე – 120

26 სექტემბერი 18:00 - 22 ნოემბერი 18:00

უჩა ჯაფარიძე 120 საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა

2026 წლის 26 სექტემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა „უჩა ჯაფარიძე  – 120“.

უჩა ჯაფარიძე (1906–1988) ქართული სოცრეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობა მჭიდროდ დაუკავშირდა საბჭოთა ეპოქის კულტურულ პოლიტიკასა და ამ პოლიტიკით განსაზღვრულ მხატვრულ პრიორიტეტებს. ამავე დროს, კარიერის ადრეულ წლებში ჯაფარიძე მონაწილეობდა XX საუკუნის ახალი ქართული ფერწერის ფორმირების პროცესში. მისი ადრეული ნამუშევრები ავლენს მოდერნისტულ ტენდენციებთან დიალოგს, მხატვრული ძიებების სითამამესა და ფორმალური ექსპერიმენტებისადმი ინტერესს.

სოციალისტური რეალიზმი – საბჭოთა კულტურული პოლიტიკის მიერ ოფიციალურად დამკვიდრებული მხატვრული მეთოდი – ხელოვნებას  საბჭოთა საზოგადოების სასურველი სახის შექმნას აკისრებდა. ამიტომ მხატვრული ნაწარმოები სახელმწიფო იდეოლოგიის, საზოგადოებრივი ღირებულებებისა და ისტორიული ნარატივების გავრცელების მნიშვნელოვან საშუალებად იყო მიჩნეული. აქედან გამომდინარე,  სოცრეალისტურ ხელოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა კოლექტიური შრომის, სოციალური გარდაქმნის, გმირობის, ოპტიმიზმისა და ახალი ადამიანის ფორმირების თემებს.

უჩა ჯაფარიძის შემოქმედებაში სოცრეალიზმის პრინციპები თემატურ არჩევანსა და რეალისტურ მხატვრულ ენაში ვლინდება. მისი მრავალფეროვანი მემკვიდრეობა მოიცავს ისტორიული და საზოგადოებრივი თემატიკის კომპოზიციებს, შრომის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებსა და ჟანრულ სცენებს.

მხატვრის ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი და საპატიო წოდებით აღინიშნა.

ამასთანავე, ჯაფარიძის ხელოვნება მხოლოდ ოფიციალური იდეოლოგიური პროგრამით არ შემოიფარგლულა;  მის ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი უკავია პირად, ნოსტალგიურ და უშუალოდ ნაცნობ მოტივებს  –  მშობლიურ რაჭას და მის სოფელ ღარს,  სოფლის ყოფას, ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს. რეალისტურ ჩანახატებში, ეტიუდებსა და ჟანრულ სურათებში მხატვარი თითოეულ ფიგურას ინდივიდუალური ხასიათით წარმოაჩენს. ოფიციალური მხატვრული დოქტრინისა და პირადი გამოცდილების ურთიერთმიმართება გამოფენის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

უჩა ჯაფარიძემ დაწყებითი სამხატვრო განათლება ონის სამხატვრო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი თბილისში, მოსე თოიძის სტუდიაში სწავლობდა. 1924 წელს იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მოსე თოიძესთან, ლადო გუდიაშვილთან, დავით კაკაბაძესთან, ევგენი ლანსერესთან, სანდრო ციმაკურიძესა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ადრეულ შემოქმედებაზე. მოგვიანებით ჯაფარიძე ჩამოყალიბდა თვითმყოფად რეალისტ მხატვრად და ამ მხატვრული ენის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.

ექსპოზიცია აერთიანებს უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმის კოლექციაში დაცულ ნამუშევრებს, აგრეთვე ფერწერულ ნამუშევრებს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და კერძო პირთა კოლექციებიდან.

ნამუშევრების ფართო არჩევანი და ჟანრული მრავალფეროვნება დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, უფრო სრულად გაეცნოს უჩა ჯაფარიძის შემოქმედებით დიაპაზონს და დაინახოს, როგორ თანაარსებობს მის ხელოვნებაში ეპოქის ოფიციალური მხატვრული მოთხოვნები და ავტორის პირადი, ინტიმური სამყარო.

გამოფენის ორგანიზატორი: რამაზ ჯაფარიძე
კურატორები: ლიკა გიორგაძე, მაია ჩიკვაიძე

მხარდამჭერები:

საქართველოს კულტურის სამინისტრო

სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Details

Start:
26 სექტემბერი 18:00
End:
22 ნოემბერი 18:00

Organizer

Georgian National Gallery
Email:
gng.exhibition@gmail.com

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.