Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

მოსე თოიძე – 155. ფერების დიდი ლირიკოსი

23 ივლისი 18:00 - 23 აგვისტო 18:00

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოეწყობა ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სახალხო მხატვრისა და აკადემიკოსის მოსე თოიძის (1871-1953) 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან შერჩეული 70 ნამუშევარი – ფერწერა და გრაფიკა. გამოფენილი ნამუშევრების ნახევარზე მეტი საზოგადოებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება, ნაწილი კი ახლად რესტავრირებულია.

მოსე თოიძე (1871-1953) თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. მან განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, ილია რეპინის სახელოსნოში მიიღო. მისი სადიპლომო ნამუშევარი მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, 1901), რომელიც თბილისში და პეტერბურგში ორი ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ეპოქალურ, ღრმა ქრისტიანული სიმბოლიზმით აღბეჭდილ ტილოდ მიიჩნევა. განსაკუთრებულია მისი წვლილი საქართველოს ისტორიის, ქართველ მეფეთა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა – მწერალთა, პოეტთა, კომპოზიტორთა და მეცნიერთა – წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში.

მოსე თოიძე იყო ხელოვნების გამორჩეული მოღვაწე, ორგანიზატორი და პედაგოგი. 1917-1921 წლებში ხელმძღვანელობდა მხატვართა საზოგადოებას, ხოლო 1922 წელს მის მიერ დაარსებულ სამხატვრო სტუდიაში არაერთმა ახალგაზრდა მხატვარმა მიიღო განათლება. მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობის გამო მას სიყვარულით „მამას“ უწოდებდნენ.

საბჭოთა იდეოლოგიური დიქტატის პირობებში მოსე თოიძის შემოქმედების შეფასება ცალმხრივად მოხდა და აქცენტი მხოლოდ მის რეალისტურ-აკადემიურ ნამუშევრებზე გაკეთდა. თუმცა, მის შემოქმედებაში ორგანულად თანაარსებობდა პარიზული ფერწერული სკოლისა და იმპრესიონისტულ-სიმბოლისტური ძიებების გავლენა, რაც განსაკუთრებით მის „მთვარიანი ღამეების ციკლსა“ და შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილ კომპოზიციებში გამოვლინდა.

პროექტის ფარგლებში გამოიცა მოსე თოიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა კოლექციიდან შერჩეული 300-მდე ნამუშევარი და საარქივო მასალა.

გამოცემის ავტორები არიან: ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის უფროსი კურატორი ქეთევან ბენდელიანი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.

გამოცემა განხორციელდა კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და „შემოქმედებითი თბილისის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ექსპოზიციის გახსნა და წიგნის პრეზენტაცია:

2026 წლის 23 ივლისი, 18:00 საათი

გამოფენის კურატორი და წიგნის შემდგენელი: ალექსანდრა გაბუნია

Details

Start:
23 ივლისი 18:00
End:
23 აგვისტო 18:00
Event Category:

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.