დიმიტრი თავაძე. სცენოგრაფიის ხელოვნება
2 აგვისტო 18:00 - 30 აგვისტო 18:00

2026 წლის 2 აგვისტოს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში სცენის მხატვრის, დიმიტრი თავაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის დიმიტრი თავაძე. სცენის მხატვარი“პრეზენტაცია, რომელიც დიმიტრი თავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს.
ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ისტორიას მრავალი გამორჩეული მხატვარი ქმნიდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი დიმიტრი თავაძეს უჭირავს, სცენოგრაფს, რომელმაც მთელი ცხოვრება თეატრს მიუძღვნა და ქართული სცენოგრაფიის, როგორც სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელი დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
დიმიტრი თავაძე 1911 წელს სოფელ თხილაგანში დაიბადა. მან საშუალო განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო. პარალელურად ხატვას ვანო ჭეიშვილის სტუდიაში პეტრე ოცხელთან ერთად ეუფლებოდა.
1926 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ გიგო გაბაშვილი, იოსებ შარლემანი და ევგენი ლანსერე. 1927 წლიდან მისი შემოქმედებითი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს, სადაც მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, მხატვრად, მოგვიანებით კი- მთავარ მხატვრად. მისი როგორც ამ თეატრის მხატვრის დებიუტი 1932 წელს შედგა მის მიერ გაფომებული სპექტაკლით – სალტე.
მხატვარი სცენური კონსტრუქციების ტექნიკურ შესაძლებლობათა ღრმა ცოდნით, დრამატურგიულ მასალაზე დაყრდნობითა და რეჟისორული კონცეფციის გათვალისწინებით ინდივიდუალურ ხელწერას ავლენდა. თავაძე ყოველ სპექტაკლში სასცენო სივრცეს ლაკონურობით, დამახასიათებელი ზომიერების გრძნობითა და გამორჩეული ფერწერული კოლორიტით ამდიდრებდა.
დიმიტრი თავაძემ ნახევარი საუკუნის განმავლობაში 20 სხვადასხვა თეატრში 160-ზე მეტი სპექტაკლი გააფორმა. მათი უმეტესობა ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში განხორციელდა. 1933 წლიდან მონაწილეობდა მრავალ გამოფენაში. მხატვარს მინიჭებული ჰქონდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატისა და საქართველოს სახალხო მხატვრის წოდებები. მისი ნამუშევრები დღეს დაცულია თეატრებისა და მუზეუმების კოლექციებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
